Accentnews.ge
ნინო ქათამაძე: ბოდიშს ვიხდი, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

ნინო ქათამაძე: ბოდიშს ვიხდი, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

30/06/2019 12:57:53 სხვა, საზოგადოება

მომღერალი ნინო ქათამაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ რუსეთში აღარასდროს იმღერებს. ნინო ქათამაძის "ფეისბუქპოსტს" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო, ვინც 10 დღეა აპროტესტებთ, ძალადობას და უსამართლობას, პირველ რიგში, მოგმართავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა და პროტესტი თქვენთან არის! ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე მქონდა საფიქრალი და გადასაწყვეტი, პირველივე წამიდან ვგრძნობ იმას, რასაც თითოეული თქვენგანი გავრილოვის სპიკერის სავარძელში ხილვისას! არასოდეს არ მომრიდებია ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ წასვლა, არასოდეს არ დამეზარა და ჩემი ხმით, ქართულად მსოფლიოს ყველა ნაწილში და მათ შორის რუსეთშიც ყოველთვის ვამბობ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც! ერთია ჩემი საგასტროლო გრაფიკი და მეორეა ჩემი შინაგანი შეგრძნება ჩემი ქვეყნის, ქართული სიტყვის, მუსიკის წინაშე.

ჩემს ხელში მხოლოდ ეს იარაღია, მხოლოდ ამით შემიძლია ვუთხრა ჩემს მსმენელს ის ტკივილი, რაც ჩემს ქვეყანას სტკივა, იმ უამრავ მსხვერპლს, რაც საქართველოს გაუღია თავისუფლებისთვის, კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდას თვალისჩინი დაემატა და ადამიანი, რომელიც ამ წუთამდე უმძიმეს მდგომარეობაშია, თითოეული მტკივა და თითოეულს ვგრძნობ დღე და ღამე!

ბოდიშს ვიხდი, ჩემო ძვირფასებო, რომ არ ვიდექი თქვენთან ერთად იმ ღამეს, რომ ვერ დაგიცავით ფიზიკურად და ერთ ტყვიაშიც ვერ შეგეხიდეთ, არჩევანი რომ მქონდეს უყოყმანოდ მივიღებდი ყველა იმ ტყვიას, რაც თითოეულ თქვენგანს მოგხვდათ ოკუპაციის გაპროტესტებისთვის.

დიახ, რა თქმა უნდა, გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემ მიმართ და ვიზიარებ თითოეულ შენიშვნას. ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული! ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20 ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!!


მინდა, რომ იმ ახალგაზრდებს, რომელიც 10 დღეა ქვეყნის სამსახურში 19:00 საათიდან იკრიბებიან ვუთხრა: არასდროს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა, არასოდეს რუსულად არ მიმღერია, არასოდეს სამთავრობო (რუსეთში) დაფინანსებულ კონცერტში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმღერია არც ერთი რუსი პოლიტიკოსის დაბადების დღეზე. ჩემი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციისა! ამ პოსტით მინდა, ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შევუერთდე მოთხოვნას რომ გახარია უნდა გადადგეს!


რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი! თითოეული თქვენგანის სახის დანახვისას, თითოეული თქვენი ქცევისას ყურებში მკაფიოდ ჩამესმის დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ზურაბ ჟვანიას ხმა: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი". მხოლოდ თქვენ ხართ ნათელი გამოხატულება ევროპელი ქართველისა, თქვენ დაამტკიცეთ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეცვლის. უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის, ქედს ვიხრი თქვენი თავდადების წინაშე", — წერს ის.

ნინო ქათამაძემ რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. კონცერტი 22 ივნისს გაიმართა, მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა.

მასობრივი ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე, 22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენებს აუკრძალავენ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შეზღუდვა 8 ივლისიდან ამოქმედდება. მანამდე, 21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა.

რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 


აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S