
სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
30/06/2019 09:04:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქვეყნის თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის 35 სტუდენტს აერთიანებს, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.
"აქცენტი" წერილს უცვლელად გთავაზობთ.
"უპირველეს ყოვლისა, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ 20-21 ივნისს, თბილისში განვითარებულ მძიმე მოვლენებს. ჩვენი თაობისა და სრულიად საზოგადოების სამართლიან მღელვარებასა და პროტესტს, რომელიც მოჰყვა ხელისუფლების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომას. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მალევე აღიარა არსებული, თუმცა ესკალაციის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხერხდა ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილება. იმ პერიოდში ჩვენს თანამოქალაქეებს ამ გზით ხელისუფლების ცვლილება წარმოუდგენლად მიაჩნდათ.
2014 წელს თქვენი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ევროპულ ინტერგაციას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიღწევას ევროკავშირთან, სავიზო რეჟიმის ამოქმედებას შენგენის ზონის ქვეყნებთან.
ვფიქრობთ, რომ რამდენიმე დღის წინ თქვენ მიერ გაჟღერდა ქვეყნისათვის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც 2020 წელს საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციული წესით არჩევას გულისხმობს, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. ამ გადაწყვეტილებით თქვენ ანგარიში გაუწიეთ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, რაც მისასალმებელია.
დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში.
ბატონო ბიძინა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
გიორგი მამულაშვილი;
ნათია ჯინჭარაძე;
დავით წილოსანი;
მარიამ თურმანიძე;
დიმიტრი მაისურაძე;
გიორგი მჭედლიძე;
ანა აფრიაშვილი;
ალიკა გუჩუა;
ბელა გასოიანი;
დეა ებანოიძე;
გიორგი ინჯგია;
გიორგი კვინიკაძე;
ირაკლი ჩიგოგიძე;
ნანა შაიბაზოვი;
კარლო ხუციშვილი;
გიორგი შენგელია;
ლევან ლოსაბერიძე;
თამთა გობოზაშვილი;
ლევან ლეკიშვილი;
ლუკა ჯაჯანიძე;
მერი წერუაშვილი;
სანდრო ტატიშვილი;
ნინო ქობულაშვილი;
სალომე ივანიაძე;
გიორგი მორგოშია;
ალისა ოვესოვი;
თამარ ჟვანია;
მამუკა ომიაძე;
ნათია ქუხილავა;
მუხრან შუბითიძე;
თენგიზ ახალაია;
თეკლა ჯღარკავა;
საბა სახვაძე;
თამაზ ლოლიშვილი;
თათია ქათამაძე.
ცნობისთვის, 29 ივნისს თბილისში, მასობრივი დემონსტრაციების დაწყებიდან მეათე დღეს, "თავისუფლების მარში" გაიმართა.
აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 20-21 ივნისის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარია.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.