
პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ სააკაშვილს უპასუხა
28/06/2019 17:24:30 სხვა, საზოგადოება
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა საქართველოს პრესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უპასუხა.
"ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა. შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს" - ასე გამოეხმაურა აქციების ერთ–ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი პალიტრანიუსის გადაცემა "ნიუსრუმში" მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის დაყენების თაობაზე.
როგორც დიღმელაშვილი ამბობს, მოთხოვნების შეცვლა გამორიცხულია, აქციები კონკრეტული მოთხოვნებით დაიწყო და კონკრეტული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშივე დასრულდება.
"ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში",– აღნიშნა დიღმელაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას თქვა, რომ თუ აქციის მონაწილეები ვლადიმირ პუტინს ებრძვიან, თავად არის "პუტინის მთავარი მტერი".
მეცხრე დღეა, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია სამი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები.
24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. ასევე, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.