თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრები მთავრობას სექტორის გაკოტრებისგან ხსნის გზას სთავაზობენ
27/11/2020 12:01:57 ეკონომიკა
თბილისის დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერ–მინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს სთავაზობენ, რომ სავაჭრო ცენტრებმა, ნაცვლად 24 დეკემბრისა, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე იმუშაონ.
"თბილისი ცენტრალის" წარმომადგენლის თქმით, შეზღუდვის მოხსნა სექტორს დამატებით ერთ კვირას მისცემს, რაც ყველასთვის მომგებიანი იქნება და სექტორს კოლაფსისგან იხსნის.
"ჩვენი შეთავაზება არის, რომ 15 დეკემბრიდან, ნაცვლად 24 დეკემბრისა, 3 იანვრამდე მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ეს არის დამატებითი ერთი კვირა, რაც მომგებიანი იქნება ყველასთვის. ასევე ლაპარაკია, რომ 24-ის მაგივრად მოიხსნას გადაადგილება შეზღუდვაზე, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს სავაჭრო ცენტრში მოვიდეს და ტრანსპორტირება მოახერხოს",- ამბობს "თბილისი ცენტრალის" წარმომადგენელი.
გარდა ამისა, სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ქონების გადასახადის გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს სავაჭრო ცენტრებს თანამშრომლის შენარჩუნებაში დაეხმარება:
"ჩვენ, ყველას გადავადებული გვქონდა ქონების გადასახადები, რომლის გადახდის ვალდებულება გვიდგება ახლა. ჩვენი თხოვნა არის, რომ მოხდეს 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება სავაჭრო ცენტრებისთვის, ისევე, როგორც მოხდა სასტუმროების შემთხვევაში.
ამ შემთხვევაში ყოველი ჩვენთაგანი მზად არის, შეინარჩუნოს ის 2 000 ადამიანის 80%, რომელიც სავაჭრო ცენტრებშია დასაქმებული არ გაუშვას სახლში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები უმუშევართა რიგებს შეუერთდებიან".
სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების თქმით, მათ ამ შეთავაზებით მთავრობას წერილობით უკვე მიმართეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად:
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.


