
დღე მეცხრე: დემონსტრანტები პრემიერს და შს მინისტრს პასუხობენ
28/06/2019 16:55:52 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა და წვიმის მიუხედავად, ორგანიზატორები დაშლას არ აპირებენ. იკრიბებიან დემონსტრანტებიც. როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, მიუხედავად შს მინისტრის თხოვნისა, შეწყდეს აქცია, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე დაშლა არ იგეგმება, მოთხოვნა კი უცვლელია – გადადგეს სს მინისტრი.
"ეს ჩვენი სამსახურია, ქუჩა, მაგრამ ისე არ ქნათ, რომ სახლი გახდეს. აღარ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ელემენტარულ საკითხებზე ქუჩაში უნდა ვიდგეთ. ჩვენ ასე უბრალოდ არ წავალთ, ამ მესამე მოთხოვნის გარეშე, დააკმაყოფილეთ მესამე მოთხოვნა და წავალთ სახლში", - განაცხადა თავის გამოსვლაში დიღმელაშვილმა.
ამასთან, მან ყურადღება პრემიერ–მინისტრის დღევანდელ განცხადებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძემ ისტორიაში შესვლის შანსი არ გამოიყენა.
"გუშინდელ დღემდე ვინმეს გაგვახსენდა ბახტაძე? ადამიანი საერთოდ არც გვახსენდება, არც ვაკრიტიკებთ, ვერ იღებს გადაწყვეტილებას. რა გასაწყვეტილებაც არ მიიღო, მთელი ცხოვრება გააწვალებს. ის შევიდოდა ისტორიაში, არა როგორც თოჯინა, არამედ როგორც საქართველოს პირველი პირი, ახლა კი შევა, როგორც ტყუილი", -განაცხადა დიღმელაშვილმა.
აქციის მონაწილეები გახარიას მისამართით კვლავ სკანდირებენ: "წადი".
მანამდე დიღმელაშვილმა რიგი ექსპერტების საპასუხოდ განაცხადა, რომ აქცია მოთხოვნის შეცვლას არ გეგმავს და არ აპირებს დასვას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა შს მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყებამ 20–21 ივნისს ლეგიტიმური ძალა გამოიყენა და ამის შესახებ პარტნიორებს კითხვები არ აქვთ. შს მინისტრი კი აცხადებს, რომ თანამდებობას 20–21 ივნისის მოვლენების გამოძიებამდე არ დატოვებს და დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემური დარღვევები გამოიკვეთება.
ცნობისთვის: უკვე მეცხრე დღეა რუსთაველზე შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს.