
რა ელით "ურჩ დეპუტატებს": კომენტარები მმართველი გუნდიდან პარტიული სხდომის შემდეგ
28/06/2019 16:42:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მმართველი გუნდის დეპუტატი გია ვოლსკი არ ვთვლის, რომ მისი კოლეგები სწორად მოიქცნენ, როდესაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი.
განცხადება დეპუტატმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა. მისი ინფორმაციით, უმრავლესობის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე მათი კოლეგების ამ გადაწყვეტილებაზე არ უმსჯელიათ.
„კოლეგებზე არ გვქონია მსჯელობა, თუმცა ყველამ გამოხატა გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ვერ გაიგეს, რა გადაწყვეტილება იდგა ჩვენ წინაშე. იქ არ არის მხოლოდ გუნდურობის თემა. რასაკვირველია, ეს არის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, რომელიც როგორც ხედავთ, არ იმსახურებს იმ ეჭვებს, რომელიც შეიძლება ადრე გამოთქმულიყო.
ჩემი აზრით, ეს არის თემა, რომელმაც შეიძლება გადაწონოს ან შექმნას ახალი საინფორმაციო ველი, სადაც დაიკარგება მთავარი მნიშვნელოვანი საკითხები. მე არ ვთვლი, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუნდაც სამი ადამიანი. ასევე, მე არ ვთვლი, რომ ახლა ის პერიოდია, რომ ამ სერიოზულ ვითარებაში ვინმეს პასუხისმგებლობათან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამავე გუნდის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ განსხვავებული აზრის და თუნდაც ნეიტრალური, სხვანაირი პოზიციის გამო, გუნდის წევრებს არ სჯიან და სანქციებს არ უწესებენ.
მდინარაძც ამბობს, რომ საკითხზე უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ზოგადად ისაუბრეს.
„ჩვენ ვილაპარაკეთ გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებით. იყო ძალიან ზოგადი საუბარი, რაიმე სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც ნეიტრალური, მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს. ეს მოლოდინი იყო დღეს მედიაში, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით იმიტომ, რომ განსხვავებული აზრისა და თუნდაც ნეიტრალურად სხვანაირი პოზიციის გამო, ჩვენ ასე გუნდის წევრებს არ ვსჯით და სანქციებს არ ვამოქმედებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობდა, რომ გაიმართება მსჯელობა, თუ რატომ ვერ მოხერხდა გუნდის წევრების დარწმუნება იმაში, რაშიც სხვები დარწმუნდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა მარიამ ჯაშმაც.
„პრაქტიკულად, ჩემთვის რა მოლოდინიც მქონდა ჩემი კოლეგებისგან, ის გამართლდა. მიმდინარეობდა მსჯელობა გადაწყვეტილებების საფუძვლებზე. რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას ან რამე სხვა საკადრო ცვლილებას, ეს საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღევანდელ დღის წესრიგში, უბრალოდ საინტერესო იყო იმ აზრთა გაცვლა, რომელმაც განსხვავებული აზრის მხარდაჭერა გამოიწვია. შესაბამისად, ჩვენ ძირითადი აქცენტი დავუთმეთ არა განსხვავებული აზრის განხილვას, არამედ მიმდინარე მოვლენებს. ჩემი მხრიდან აბსოლუტურად არ ყოფილა საჭირო დამატებითი არგუმენტების მიწოდება. იყო მსჯელობა ზოგადად პროცესზე. საკმაოდ ზედაპირულად და მოკლედ მოხდა ამ საკითხზე მსჯელობა“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება 26 ივნისს პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.