ოპოზიცია ახალ შეზღუდვებს "გაუაზრებელ" და "უპასუხისმგებლო" ნაბიჯად აფასებს, "რის ფასსაც მომავალში გადავიხდით"

26-11-2020 19:11:06 საშინაო პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავრობის მიერ გამოცხადებულ ახალ შეზღუდვებს "გაუაზრებელ" და "უპასუხისმგებლო" ნაბიჯს უწოდებს.

"ეს არის მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი, ყოველგვარი არსებითი წნეხის შემსუბუქების გარეშე. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც მომავალში გადავიხდით. ამ ხალხმა [ხელისუფლება]ერთხელ ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს არაფერი არ გააკეთა, რათა ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს იხდის ახლა მთელი ქვეყანა, ადამიანების სიცოცხლის ფასად, ეკონომიკის ფასად. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ამ პოლიტიკური ლიდერების, არარაობებისა და კლოუნების გარემოცვა მართავს ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ზარალი გაგრძელდება", – აცხადებს ბოკერია.

"ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ჯანსაღი აზრის ფარგლებში არ ჯდება.

"ვფიქრობთ, აბსოლუტურად გაუთვლელია და არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას. გაუგებარია, რატომ გადმოიწია ე.წ კომენდანტის საათმა, რომელზეც, რატომღაც, მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს და 21:00 საათიდან დაიწყება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ "კომენდანტის საათი" სადაც შემოიღეს, ყოველდღიური ინფიცირების ოდენობა გაიზარდა. რაც შეეხება ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას, არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე სამსახურში ტაქსით მივა, ეს არის სისულელე. იმის ნაცვლად, რომ ავტობუსებში დაგვემატებინა ზედამხედველობის სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელიც მძღოლთან ერთად გააკონტროლებდა პირბადის ხმარებასა და ადამიანების ოდენობას ტრანსპორტში, ჩვენ ვიღებთ რეალობას, როდესაც სრულად იკრძალება ტრანსპორტი... ეს შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, რადგან თუ საჭიროა საახალწლოდაც საჭიროა, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს? და შემდეგ უკვე 3 იანვრიდან 2 კვირა ქვეყანა საერთოდ ისვენებს. ეს რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ჩვენ პანდემიაზე უარეს სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ?! ერთი დიდი ღვიძლის გადიდება შეიძლება, მიიღოს ამ ხალხმა იმიტომ, რომ სმას გადაჰყვეს ნახევარი ქვეყანა. საერთოდ გაუთვლელია ეს ყველაფერი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ლელო"-ს წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები არა კონკრეტულ მონაცემებზე, არამედ "უცნაურ პრინციპზეა" დაფუძნებული.

"უცნაურ პრინციპზეა დაფუძნებული ეს ქმედებები და ღონისძიებების ჩამონათვალი. რაიმე მაჩვენებლებზე კი არ არის მიბმული, მაგალითად ეპიდემიის გავრცელების სიხშირეზე ან სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, არამედ რაღაც უცნაურად გამოცხადდა რაღაც დროებთან მიმართებაში - ახალ წლამდე, ახალი წლის შემდეგ, პირველ თებერვალს... ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ ეს თარიღები. თვითონ მიდგომა არის არასწორი. ეპიდემია უკვე 1 წელია არის საქართველოში და არ დადგა ის დრო, რომ მთავრობა გამოდიოდეს და ამოგლეჯილად ჩამონათვალის გამოქვეყნების ნაცვლად, მონაცემებზე, პროგნოზზე დაყრდნობით კეთდებოდეს ახსნა, თუ რატომ შემოდის ესა თუ ის ჩაკეტვა".

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვის ტოლფასია.

„სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვიტანე აზრი რას სთხოვს იგი საქართველოს მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ის შეზღუდვები და ადამიანების შიმშილისთვის გაწირვა, რატომაც ახლა გახდა სავალდებულო, არის იმის შედეგი, რომ მარტი-აპრილიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სექტორი არ მოემზადა".

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი აკრძალვები 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ისინი შემსუბუქდება. ხოლო 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა კვლავ აღდგება.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები