ალავერდაშვილი: „მკვდრები ვიყავით და ვართ! პულსი აპრილის ბოლოდან გაგვესინჯება“

26-11-2020 17:07:19 ეკონომიკა

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ისედაც გაკოტრებული სექტორზე ახალი შეზღუდვები გავლენას ვეღარ მოახდენს.

„მკვდრები – გაკოტრებულები ვიყავით, ვართ და ამ ახალი შეზღუდვებით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ზამთრის სეზონთან მიმართებაში არანაირი იმედები არ მქონდა. ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოდან ნელ–ნელა დავიწყებთ გამოცოცხლებას – პულსი გაგვესინჯერა“,– განუცხადა „აქცენტს“ ალავერდაშვილმა.

მას იმედი აქვს, რომ მომავალი წლის აპრილამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო მასებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ადამიანები გადაადგილებას დაიწყებენ და სწორედ ამ იმედს ეფუძნება მისი პროგნოზიც ბიზნესის ეტაპობრივ გახსნასთან დაკავშირებით:

„2022 წლამდე აღდგენას აღდგენა არ ერქმევა – ნელ–ნელა დავიწყებთ ფუნქციონირებას. რაც 1999 წლიდან ვაკეთე, ახლა თავიდან უნდა დავიწყო. პირადად მე 480 თანამშრომელი უმუშევარი მყავს. ჩემთვის ყველაზე დიდი დარტყმა ისაა, რომ ჩემი თანამშრომლების 70%–მდე, რომლებსაც წლების განმავლობაში ველოლიავებოდით, გავზარდეთ, სამუშაოდ სხვა სექტორში გადავიდა. ეს სტაფი ჩემთვის დაიკარგა. შეიძლება, მათი 20% დაბრუნდეს, მაგრამ დანარჩენი – არა“,– განაცხადა ალავერდაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები