რესტორნების ასოციაცია – ახალ შეძღუდვებზე: „შოკში ვართ ... მთავრობაში არავინაა, ვინც ანალიზს გააკეთებს!“

26-11-2020 15:55:26 ეკონომიკა

ჯერ–ჯერობით აბსოლუტური შოკია,– ასე აფასებს „აქცენტთან“ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ახალი შეზღუდვების სესახებ, რომლებიც ქვეყანაში ორი თვის განმავლობაში იმუშავებს.

„გადაწყვეტილებებით იმდენად შოკში ვართ, რომ ვფიქრობთ, რა ქმედებები მოსდევს ამ გამოცხადებას. „Takeaway [პროდუქტის გატანა – რედ.] იმუშავებსო“, – როგორ უნდა იმუშაოს, როდესაც თანამშრომლები სამსახურში ვერ მივლენ – ტრანსპორტი არ იმუშავებს. როგორ უნდა იმუშაოს აფთიაქმა ან სუპერმარკეტმა, თუ ტრანსპორტი არ იქნება? თანამშრომლები ტაქტით უნდა ატარონ? ეს უბრალოდ დიაგნოზია, რომ ჩვენ ცუდ დღეში ვართ – ვიღაც ისეთ კანონებს გვიწერს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში რა ხდება. ალბათ, მათ ჰგონიათ, რომ თითოეული თანამშრომელი იქვე ცხოვრობს ან სამსახურში პირადი მანქანით დადის, ან როგორც მათ [მთავრობის წევრებს – რედ.] მანქანა ემსახურება პირადი მძღოლით.

6 თვის განმავლობაში პროცენტს რომ დაგვიფარავენ, კი ბატონო, მაგრამ 6 თვის შემდეგ რა ვქნათ? ობიექტების 90% ნაქირავებია, რაც იმას ნიშნავს, პატრონი ფართის დაცლას მოგთხოვს. შენ რომ დაიხურები, მერე როგორ უნდა დაიწყო მუშაობა? ისევ სესხები ავიღოთ და თავიდან დავიწყოთ ყველაფერი?“,– განუცხადა „აქცენტს“ გაბრიჩიძემ.

გაბრიჩიძის თქმით, მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია მუდმივად მიმდინარეობდა, თუმცა მას ეჭვი აქვს, რომ შეზღუდვების თაობაზე გადაწყვეტილება ერთი თვით ადრე იქნა მიღებული, უბრალოდ დრო შეირჩა გამოსაცხადებლად.

„მუდმივად იყო კომუნიკაცია და ვეუბნებოდით, რომ დაკეტვა კატასტროფაა. ეს მხოლოდ ჩვენი ბიზნესის კი არა, ქვეყნის დაკეტვაა. თან ყველაზე მძიმე ფუჭი იმედებია: ჩაკეტვას გვთავაზობენ მკურნალობის უებარ წამლად, სინამდვილეში კი ეს ასე არაა და ამას ხომ მივხვდით? ბათუმი 1 თვით ჩაკეტეს და იქ კორონა ჩვეულებრივად მძვინვარებს. რესტორნები 22:00 საათის შემდეგ 16 ოქტომბრიდან იხურება; თითქმის 20 დღეა, კომენდანტის საათი მოქმედებს და 20:00 საათზე ვიხურებით, ამასაც თურმე აზრი არ ჰქონია – ინფიცირებულების რაოდენობა იმატებს. ახლა გვეუბნებიან, 21:00 საათიდან იმუშავებს „კომენდანტის საათიო“, შესაბამისად, ჩვენ 19:00 საათზე უნდა დავიკეტოთ. ვხვდებით, რომ მთავრობაში არავინაა, ვინც ანალიზს გააკეთებს და ეს ყველაზე ცუდია“,– განაცხადა გაბრიჩიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები