საფრანგეთის სენატმა ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

26-11-2020 11:27:37 კავკასია

საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 306-მა სენატორმა მიიღო, რომელთაგან 305-მა რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული რეზოლუციით სენატი საფრანგეთის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას მოუწოდებს.

რეზოლუციაში დაგმობილია "აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების გზით განხორციელდა".

"მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და მის მომხრეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია, რომელიც 27 სექტემბრის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ დაიკავეს", – ნათქვამია დოკუმენტში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატის მიერ რეზოლუციის მიღებას მიესალმა. რაც შეეხება აზერბაიჯანის რეაგირებას, დოკუმენტს 49 პოლიტიკური პარტია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა და საფრანგეთი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა. აღმასრულებელი ხელისუფლება მათ ცნობად იღებს და არაა მოვალე შეასრულოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები