"არ შევეხებით მშენებლობას, წარმოებას, საქმიანობებს, სადაც მობილობა არაა მაღალი"

26-11-2020 00:12:31 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვები რიგ სფეროებზე არ გავრცელდება.

"ამ ეტაპზე არ ვეხებით მშენებლობას - არც სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებს, არც კერძო სამშენელო საქმიანობას. არ ვეხებით წარმოებას და არანაირი სახის წარმოების შეჩერება არ იგულისხმება. ასევე, რა თქმა უნდა, არ შევეხებით იმ საქმიანობებს, სადაც ბევრად უფრო კარგად ხდება წესების დაცვა, მეორეს მხრივ, სადაც უფრო მარტივია წესების დაცვა და მობილობაც არაა იმდენად მაღალი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო ხვალიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები