"თუ ოპოზიცია დაეთანხმება მოწოდებებს და შევა პარლამენტში, ეს გაყალბების ლეგიტიმაცია არ იქნება?!"

25-11-2020 22:57:37 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"ოპოზიცია ამტკიცებს და დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ ოპოზიცია დაეთანხმება მოწოდებებს და შევა პარლამენტში, ეს გაყალბების ლეგიტიმაცია არ იქნება?!", - წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს. დღეს კი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აშშ–ის ელჩთან გამართეს ინდივიდუალური შეხვედრები.

ოპოზიციას პარლამნეტში შესვლისკენ რიგი დასავლელი პარტნიორები მათ შორის, აშშ–იც მოუწოდებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები