ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზეს

25-11-2020 12:35:53 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს აფხაზეთში იწვევს და მისი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას სთავაზობს.

კოვე „ტვიტერზე“ გამოეხმაურა მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსების კონტექსტში ლინკევიჩიუსის შეფასებას, რომ საქართველოში აფხაზეთი და „სამხრეთი ოსეთი“, უკრაინაში ყირიმი და მოლდოვაში დნესტრისპირეთი არიან იმის მაგალითები, თუ როგორი „სტაბილურობა“ მოაქვთ რუსეთის სამშვიდობო ძალებს. ამ კომენტარის საპასუხოდ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ბატონ ლინკევიჩიუსს იწვევენ აფხაზეთში, რათა სიტუაცია რეალურად შეაფასოს და „დივანზე მჯდომმა არ იმსჯელოს“.

კოვეს მტკიცებით, რუსი სამშვიდობოების წყალობით ხერხდება რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება.

დე ფაქტო მინისტრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, რომ შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები