რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?

24-11-2020 23:56:13 ანალიზი

იმ ახალი სტატუს–ქვოს პირობებში, რომელიც რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ყალიბდება, ქართულ (და არა მარტო) საექსპერტო წრეებში აქრიურად დაიწყო საუბარი ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების აუცილებლობაზე. აქ ბევრს შესაძლოა, „ლელოს“ დამფუძნებლის“ – მამუკა ხაზარაძის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან - ბიძინა ივანიშვილთან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული შეხვედრიდან გამოტანილი ფრაზა გაახსენდეს, „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?“ და თუ ანაკლიის პროექტის საეჭვო ბლოკირებას გავითვალისწინებთ, რთულია, ხაზარაძეს ივანიშვილის ციტირებაში არ ენდო. მთელი რიგი ანალიტიკოსების, მათ შორის ბათუ ქუთელიას აზრით კი, სწორედ რომ შავ ზღვაში დასავლეთის კონცენტრირებული ინტერესია საქართველოსთვის შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელიც გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა ახლა გახსნა და ისტორიაში მსგავსი ფანჯრები დიდი ხნით არ იხსნება.

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?

„სამხედრო ბაზა – ეს სამხედრო–პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ჯამში უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს ქმნის. დღეს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ყალიბდება: რუსული აგრესიული რევიზიონიზმის შედეგად ჩამოყალიბებული ძველი სისტემა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შემოჭრით დაიწყო, შემდეგ უკრაინით გაგრძელდა და ა.შ., მოირღვა. უსაფრთხოების ახალი ევროპული არქიტექტურის (რომლის ნაწილადაც შავი ზღვა იქცა) ერთ–ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ამ აგრესიული რევიზიონიზმის შეკავებაა და შემაკავებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანია სამხედრო წარმოდგენილობა. ბუნებრივია, ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ მის ინტერესებში არაა. ეს კარს უხსნის საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციასა და შესაბამისად, შავი ზღვის მთლიანად ნატო–ს ზღვად გადაქცევის პროცესს, იგივე უკრაინისა და რეგიონული საკითხების გათვალისწინებით კი, რეგიონში მოიტანს დამატებით სტაბილურობასა და უსაფრთხოებას (შემცირდება რუსეთის სამანევრო სივრცე – უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირების შესაძლებლობა, რომელსაც ის ქვეყნების პოლიტიკური არჩევანის განსასაზღვრად ან მათზე ზემოქმედებისთვის იყენებს)“,– განაცხადა „აქცენტთან“ საუბრისას ქუთელიამ.

მისი ხედვით, მსგავსი გადაწყვეტილება მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას წაადგენა, ხოლო კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით, ეს შეამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, ნეგატიური აქტორის როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში:

„ნატო–სა და ევროპული არქიტექტურის სისტემაში შავი ზღვის მოქცევით შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა, შავი ზღვა გამოიყენოს „ფეხის ჩასადგმელ“ ადგილად შემდგომ უკვე ხმელთაშუა ზღვაში თავისი ოპერაციების ჩასატარებლად“.

ქუთელიას აზრით, ჩამოთვლილი სამხედრო და პოლიტიკური მოტივები, რომლებიც ერთიანობაში რეგიონულ უსაფრთხოებას ზრდის, მნიშვნელოვნად ზრდის იმპლემენტაციის შანსებსაც:

„ეს რომ მხოლოდ საქართველოს ინტერესებში ყოფილიყო, შესაძლოა, არც იმ მასშტაბის საკითხად ქცეულიყო, რომ აქტიურად გვესაუბრა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს და ჯამში, ყველა პოზიტიური რეგიონული აქტორი ამით სარგებელს მიიღებს“.

სად შეიძლება, განთავსდეს ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა?

ქუთელია იხსენებს, რომ ამ თემაზე შესაბამისი უწყებები ჯერ კიდევ 2011 წელს მუშაობდნენ.

„ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში იყო ასეთი ჩანაწერი: მაშინდელი კონგრესი პენტაგონს ავალებდა, განეხილა საქართველოს ტერიტორიაზე ლოჯისტიკური სამხედრო ბაზის განლაგების საკითხი. იმ დროისთვის (მაშინ ახლო აღმოსავლეთი ასეთი მწვავე თემა არ იყო, მაგრამ აქტიური იყო ავღანეთის საკითხი) ლოჯისტიკური ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე საქართველოზე გამავალმა ლოჯისტიკურმა ხაზმა ეფექტურად იმუშავა, როდესაც რუსეთი ნატო–ს ოპერაციისთვის ლოჯისტიკური პრობლემების შექმნას შეეცადა და ავღანეთის ტრანზიტი ავტომატურად საქართველოში «გადმოლაგდა».

მისივე თქმით, ლოჯისტიკური ბაზა ერთ–ერთი კომპონენტია, რომელსაც ეფექტური მუშაობისთვის თავსებადი ინფრასტრუქტურა და მრავალკომპონენტიანი ლოჯისტიკა სჭირდება:

«ამ სამხედრო ინფრასტრუქტურას უნდა ჰქონდეს საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო კომპონენტები. ამდენად, გეოგრაფიულად ორი ლოგიკური ადგილი შეიძლება, იქნას განხილული - თბილისთან ან ფოთთან ახლოს, რომელსაც პორტთანაც ექნება წდომა (ანაკლიის პორტიც ამის ნაწილი შეიძლება, გახდეს, მაგრამ სანამ ანაკლია იქნება, ფოთის ნავსადგურმაც შეიძლება, გარკვეული ფუნქცია აიღოს) და საჰაერო კომპონენტი – აეროდრომი, რომელიც ლოჯისტიკური მიზნებისთვის სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა“.

რაც შეეხება პენტაგონის ანგარიშს, როგორც ქუთელია ამბობს, ის მომზადდა გრიფით «საიდუმლო», ამდენად, შინაარსი უცნობია, საქართველოში კი ამასობაში მთავრობა შეიცვალა:

„ბუნებრივია, ანგარიშში პლუსები და მინუსები იქნებოდა აღწერილი, რაც ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველოს ახალი მთავრობის მხრიდან ამ საკითხის პედალირება არ მომხდარა. ეს კი ისეთი თემაა, რომელზეც ჩვენ შესაძლოა, ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ მას დღის წესრიგში მთავრობა აყენებს. მაგალითად, ისე, როგორც ეს პოლონეთმა გააკეთა: როდესაც საუბარი დაიწყო გერმანიიდან ამერიკული სამხედრო ნაწილების გაყვანაზე, პოლონეთმა განაცხადა, რომ ამერიკის ჯარების ტრანსპორტირების და პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსების ხარჯებს სრულად პოლონური მხარე გაიღებდა. აქ თანხის ოდენობაზე არაა საუბარი, ეს პოლიტიკური განაცხადია. საქართველოს მთავრობასაც ანალოგიური განცხადებები უნდა ეკეთებინა, რასაც ვერ ვხედავთ“.

უშლის თუ არა ერთმანეთს ხელს აშშ–ის სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსება და ქვეყნის ნატო–ში სწრაფვა?

ქუთელიას აზრით , ეს ორი პარალელური პროცესია:

„ამერიკული სამხედრო ბაზის აქ ყოფნა უფრო ძლიერ არგუმენტებს აძლევს ჩვენს მთავარ პარტნიორ აშშ–ს, რომელიც ერთგვარი ლოკომოტივია ჩვენი ნატო–ში ინტეგრაციის (ნატო–ს პოლიტიკურ დღის წესრიგში ასე ითვლება), ასევე მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშეს – თურქეთს, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე აქტიური და ხმამაღალი მხარდამჭერია საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის: ბოლო დეკადის განმავლობაში თურქეთის ღიად დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსია, რომ საქართველო ნატო–ს წევრი გახდეს, რომ საქართველოს უკვე ეკუთვნის ნატო–ს წევრობა. და ბევრი ამერიკელი ექსპერტიც იმავე აზრზეა“.

ისტორიული შანსი

ქუთელიას აზრით, ინტერესების შავ ზღვაზე ფოკუსირება საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარაა, რომელიც ახლა გაიხსნა.

«ეს მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ყარაბაღის მოვლენებმა იდეის კონტურები კიდევ უფრო მკვეთრი გახადა და ჯამში, ეს ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტი არის იმ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ისტორიაში კი ასეთი ფანჯრები დიდი ხნით არ იხსნება“,– განმარტავს ქუთელია.

თურქეთი: საქართველოს ფუნქციის ზრდის მხარდამჭერი თუ ხელისშემშლელი ფაქტორი?

„თურქეთი საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას მხარს უჭერს და ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც აშშ–ის და თურქეთის სტრატეგიული საგარეო ინტერესები ემთხვევა. ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობაა. თურქეთი არის რეგიონული მოთამაშე მზარდი ინტერესებით და ამბიციებით; მას აქვს თავისი შიდა პრობლემები, რეგიონში სამხედრო და პოლიტიკური წარმატებებიც, თავისებური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ბევრ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ სტრატეგიული ინტერესები სხვაა, ტაქტიკური პოლიტიკის განხორციელების საშუალებები – სხვა, – ესაა დიპლომატიის მთელი ხიბლი. შესაბამისად, იმის მაქსიმალიზაცია, რაშიც ჩვენი ინტერესები ემთხვევა, ჩვენთვის საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ეს ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი“,– განმარტავს ქუთელია .

ცნობისთვის: „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 65% უჭერს.

შესაბამისად, არსებობს საზოგადოებრივი განწყობა, არსებობს არგუმენტებიც და რჩება მხოლოდ პოლიტიკური ნება. თუმცა თუ ბოლო 8 პოლიტიკურ წელს გადავხედავთ, იგი თამამი გადაწყვეტილებებით ნამდვილად არ ხასიათდებოდა...

ახალი ამბები

სხვა სიახლეები