ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა

24-11-2020 09:57:37 მსოფლიო

აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.

ტრამპის თქმით, სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს კურირებს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც პროტოკოლითაა გაწერილი. ამასთან, მან პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

„ბრძოლას გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილისა და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით და ჩემს გუნდსაც იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდებ", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" წევრი ჯო ბაიდენი ხდება. მან გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი 7 ნოემბერს გადალახა. იმავე დღესვე მსოფლიო ლიდერების ნაწილმა და საერთაშორისო მედიასაშუალებების უმეტესობამ ბაიდენს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

იხილეთ ასევე: ვინ არის ჯო ბაიდენი: აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები