PACE-ს თანამომხსენებლები: "მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიიღონ საპარლამენტო მანდატები"

23-11-2020 22:58:24 საგარეო პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი – SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი – ALDE) ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, მიიღონ საპარლამენტო მანდატები, რომლებიც არჩევნების შედეგად მოიპოვეს.

"არჩევნების შედეგად შეიქმნა მრავალფეროვანი პარლამენტი, სადაც მმართველი უმრავლესობა ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება. ეს საპარლამენტო მუშაობის კონტროლს უზრუნველყოს. ერთადერთი შესაფერისი ადგილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და გამოწვევბის განსახილველად პარლამენტია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას მიიღონ მანდატები, რომლებიც არჩევნების შედეგად მოიპოვეს და შევიდნენ პარლამენტში", – აღნიშნავენ თანამომხსენებლები.

თანამომხსენებლები ასევე საუბრობენ არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და შესაბამის ორგანოებს გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები