ევროპარლამენტარები: "მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს"

23-11-2020 20:29:30 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს", – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ავრცელებენ.

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები არიან, რათა პარლამენტმა შეუფერხებლად იმუშაოს, ვინაიდან ის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია", – ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატები მონაწილეობას არ იღებდნენ და იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების შემდეგ ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ იქნება განხილული.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები