21-11-2020 18:55:02 კავკასია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან გამართულ შეხვედრებზე რუსეთის დროშის არარსებობას მოსკოვი «სომხეთის საპროტოკოლო პრაქტიკით» ხსნის.
«დროშები – ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოლაპარაკებათა შინაარსი», — ნათქვამია დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram-არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის სახელმწიფო დელეგაცია სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით სომხეთს დღეს – 21 ნოემბერს ეწვია. თავად ლავროვმა მოლაპარაკებები ”ყოვლისმომცველად” შეაფასა და იქვე დასძინა, რომ “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს”.
რუსული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ მურაშკო, როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელი ანა პოპოვა და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
ამ უკანასკნელმა ფაშინიანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ “რუსეთი მოწოდებულია, ყარაბაღში სისხლისღვრა აღარ დაუშვას”.