
„პარლამენტშიც ვივლი და სიტყვითაც გამოვალ“
28/06/2019 09:23:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დეპუტატი ნიკა მელია არ აპირებს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება შეიზღუდოს. მისი თქმით, თუკი იმის გამო დააკავებენ, რომ დეპუტატმა სხდომათა დარბაზში მოხსენება წაიკითხა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„გუშინწინ მუშტებს მიქნევდნენ ხელებს მიქნევდნენ და მეუბნებოდნენ, "დასაჭერი ხარო". დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებულები არიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, ასე დგანან და არ იციან რა გააკეთონ. ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ. წარმოიდგინეთ, დილით ავდგები გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს, მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან, რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა ეს არის გირაოს პირობების დარღვევა და უნდა წავიდეს ციხეში? სადაც არ უნდა გაიხედონ, ყველგან თავი მოეჭრებათ იმიტომ, რომ ბოროტი განზრახვა ჰქონდათ და ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს", – აცხადებს ნიკა მელია.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ნიკა მელიას სასამართლოს განჩინებით დაეკისრა სხვა ვალდებულებებიც.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.