
"ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს"
20/11/2020 14:08:12 საშინაო პოლიტიკა
"ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს", – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩთ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები. ქართული ოცნებისგან ველოდები კომპრომისულ წინადადებას იმისათვის, რომ 2021 წელი, ყველა თვალსაზრისით, ძალიან სახიფათო იქნება - გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ სოციალური და გნებავთ საგარეო პოლიტიკის კუთხით. რაც უფრო მალე მოვნახავთ ქართველები ერთმანეთში კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც დააკმაყოფილებს საქართველოს, მით უკეთესი. ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს", - აცხადებს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.