
დემონსტრანტები – ივანიშვილს: "არ გვინდა სკამები, თან წაიღეთ!..გაგვიშვით სახლში!"
27/06/2019 20:10:00 სხვა, საზოგადოება
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისულმა დემონსტრანტებმა საკუთარი უცვლელი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერეს: გადადგეს შს მინისტრი.
"ვაღვიძებთ ბიძინას, გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ პირს, ვაგონებთ ჩვენს ხმას, ნიშნად მშვიდობისა და ვაჩნებეთ, ჩვენს რაოდენობას, რადგან აქამდე ჩვენი ხმა ვერ გაიგონა, არ გამოიჩინა ნება, დაეკმაყოფილებნა ჩვენი მესამე მოთხოვნა – გადადგეს შს მინისტრი. ჩვენ არ გვინდა რუსეთი, რომ დააბრუნებს ტერიტორიებს, მერე ვილაპარაკოთ. ჩვენ არ გვინდა დამპალი იმპერია, გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო; არ გვინდა თქვენი სკამები, თან წაიღეთ! გაგვიშვით სახლში, გაგვაკეთებინეთ საყვარელი საქმე, ჩაგვახუტეთ შვილებთან!, წადი გახარია, წადი!",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელავილმა.
დემონსტრანტებმა ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურად ყვითელი ბარათები უჩვენეს, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები იმღერეს და დაიშალნენ.

"სიღრმეში ჩამალულ სინდისს გავაღვიძებთ. თითოეული დღე, რაც ეს ადამიანი [გახარია] თანამდებობაზე ზის, ჩვენი შეურაცხყოფაა და შეურაცხყოფა ადამიანს არ უყვარს. ჩვენ ეს არ დაგვავიწყდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გახარია არ გადადგება და გახარია გადადგება, მაგისთანები გადამდგარან? ხვალ ისევ ვიკრიბებით",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.
არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი არა ბიზნესცენტრში, არამედ შეკვეთილში იმყოფება, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მათ მხოლოდ საკუთარი მოთხოვნა გაავრცელეს.
ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ–მინისტრმა 20–21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა საქართველოს მესამ ეპრეზიდენტს დააკისრა, შს მინისტრმა კი განაცხადა, რომ თავად აგებს ყველაფერზე პასუხს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე არ გადადგება.
დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი – ყველა დაკავებულის გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია.
აქცია რუსთაველზე დღეს 19:00 საათზე უკვე მეცხრედ განახლდება.