
აშშ–ის საელჩო: "ზურაბიშვილთან შეხვედრისას პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა"
18/11/2020 06:21:44 საგარეო პოლიტიკა
აშშ–ის საელჩოს განცხადებით, "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა.
"სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა", – ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოდან ისაერლში გაემგზავრება.