ფაშინიანი: რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ბრძოლაში არაეფექტური გამოდგა

18-11-2020 03:10:43 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტიის ფრაქციის დეპუტატებს ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ სამხედრო-პოლიტიკურ სტრატეგიაში და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დაშვებული შეცდომები დაუსახელა.

«ჩვენი მიდგომები იყო, უპირველესად, ომის გამორიცხვის პრინციპი, მეორე – პრინციპი “არც ერთი გოჯი”. ჩვენ უნდა გვქონოდა სცენარი და მოვმზადებულიყავით. ჩვენ კი ვთვლიდით, რომ უსასრულოდ შევძლებდით დროის წელვას. ჩვენი სტრატეგიული შეცდომა იმაშია, რომ არ გავაკეთეთ არჩევანი ამ პრინციპებს შორის ერთ-ერთის სასარგებლოდ და მათ შეთავსებას შევეცადეთ», – აღნიშნა მან.

ამასთან, პერმიერ-მინისტრის თქმით, ბოლო 2,5 წლის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავისი არსენალი «ყველაფერ აუცილებელით» შეავსეს, თუმცა რუსეთისგან შეძენილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები პრაქტიკაში არაეფექტური გამოდგა.

«ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში გვქონდა კოლოსალური შენაძენები, შევისყიდეთ სისტემები «Тор» (“თორი”), მოდერნიზებული «ОСА-Ак», თუმცა ისინი არასაკმარისი აღმოჩნდა თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად, ძალთა თანაფარდობა შეიცვალა», – განაცხადა ფაშინიანმა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში სომხეთისთვის მიწოდებული შეიარაღების თითქმის მთელი მოცულობა (94%) რუსეთზე მოდის, რომელიც არა მარტო მოკავშირე იყო ერევნისთვის, არამედ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეც – ჯგუფისა, რომელიც წლების განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობდა. ამასთან, შეიარაღების დიდი ნაწილი სომხეთს უსასყიდლოდ ან საშეღავათო პირობებით გადაეცემოდა.

2010-2019 წლებში ქვეყნის ხელისუფლებამ რუსულ იარაღში 5 მლრდ დოლარი გადაიხადა. ამასთან, მოსკოვი დროდადრო ახალ კრედიტებს აძლევდა სომხეთს საიმისოდ, რომ მოკავშირეს ვალების დაფარვა შესძლებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები