Bonanza Media - კრემლის ჩაფლავებული ფეიკ ჟურნალისტები ევროპაში

17-11-2020 14:24:26 ანალიზი

დღემ­დე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყველა გზით ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ მალაიზიური ავიახაზების – Boeing-MH17-ს მგზავრების მასობრივ მკვლელობასთან კავშირში არაა. კრემლმა მთელი მედიაომი გამართა, ფრონტის ხაზი კი შუაგულ ევროპაში მოაწყო. წლების განმავლობაში თავისი დანაშაულის დასაფარად არა მხოლოდ რუსული სახელისუფლებო მედია დარაზმა, არამედ ევროპის ქვეყნებშიც კი ჰყავდა მოსყიდული ჟურნალისტები, ბლოგერები, ექსპერტები თუ „თვითმხილველები“. 2020 წლის მარტში ჰააგაში დაიწყო სასამართლო პროცესი, სადაც 4 ბრალდებულია წარდგენილი. თუმცა, დაუსწრებლად, რადგან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და გრუ-ს ყოფილი ოფიცრები: ოლეგ პულატოვი, იგორ გირ­კი­ნი, სერ­გეი დუ­ბინ­სკი და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე – ლე­ო­ნიდ ხარ­ჩენ­კო საერთაშორისო სამართალს დღემდე ემალებიან. MH17-ის ტრაგედიის დღეებში, 2014 წლის ივლისში ისი­ნი თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ “დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში” (“ДНР”) მა­ღალ სამ­ხედ­რო პოს­ტებს იკა­ვებ­დნენ. საერთაშორისო საგა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფი (JIT) და ჰოლანდიის პროკურატურა დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში “ბუკ“-ის გა­და­ტა­ნა­ში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

ვინაიდან კრემლმა მიზნად დაისახა, ჩამოირეცხოს საერთაშორისო დონეზე ამ კოშმარულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალეულობა, ამ საქმეში მედიის როლის გამოყენება აქტიურ ფაზაში დღემდეა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ჟურნალისტები, რომლებიც Boeing- MH17-ის შესახებ ფეიკ ნიუსებს ავრცელებდნენ, გრუ-ს კონტროლის ქვეშ მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელმა გამოცემებმა – The Insider-ისა და Bellingcat-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით გაავრცელეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს ГРУ-ს მაღალჩინოსნებისა და პროექტ Bonanza media-ს ავტორების სატელეფონო ამონაწერები, ტელეფონების მეტა-თარიღები და საფოსტო მიმოწერები. მათ დაადგინეს, რომ ევროპაში მოღვაწე ორი ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე წელია, უკვე „ბოინგ MH17“-ის თემასა და კრემლის „პიარზე“ მუშაობდა, სინამდვილეში, რუსული სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით მოქმედებდა. სწორედ რუსეთის სპეცსამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჰოლანდიელი ბლოგერი – მაქს ვან დერ ვერფი და მისი მეუღლე – იანა ერლაშოვა ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე იმისთვის ჩავიდნენ, რომ ფეიკ ინფორმაცია შეეგროვებინათ; სწორედ რუსეთის სპეცმსახურებს უთანხმებდნენ ისინი ყოველ პრესრელიზს, ყოველ დოკუმენტურ ფილმს თუ „ლაივ-სტრიმს“, რომელსაც ინტერნეტში უშვებდნენ.

Bonanza Media – არის მედია პროექტი, რომელიც დეკლარირებულად „ბოინგ MH17“-ის კატასტროფის ალტერნატიულ ვერსიებს ეძღვნება. ის 2019 წელს RT-ს ყოფილი ჟურნალისტის – იანა ერლაშოვასა და ჰოლანდიელ მაქს ვან დერ ვერფის მიერ დაარსდა. ჯერ კიდევ რუსულ პროპაგანდისტულ არხზე მუშაობისას, ერლაშოვამ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც ჰოლანდიურ გამოძიებას აკრიტიკებდა და რუსეთის ხელისუფლების სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა, ხოლო მაქს ვან დერ ვერფი თავისი ჟურნალისტური საქმიანობის დროს უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და მხარდაჭერას სეპარატისტულ ДНР-სა და ЛНР-ს უცხადებდა. მას რუსულ ტელეარხებზე ხშირად იწვევდნენ, სადაც ის კრემლის უდანაშაულობას ამტკიცებდა.

როგორც ჩანს, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად, საბოლოოდ, ГРУ-მ სწორედ ეს ადამიანები შეარჩია და მათ დამოუკიდებელი ევროპელი ჟურნალისტების ნიღაბი მოარგო. მას მერე, რაც ამ ორმა Bonanza Media ჩამოაყალიბა, იმისთვის, რომ თითქოს დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებულიყო, დაიწყეს დონაციების შეგროვება. ავტორების განცხადებით, მათმა პროექტმა, ანონიმი ჰოლანდიელი სპონსორების დახმარებით 32 ათას დოლარზე მეტი მალევე შეაგროვა. წყვილი ჩიოდა, რომ რუსეთის მოქალაქეები მათ შემოწირულობებს არ ურიცხავენ. თუმცა, ახლა უკვე ირკვევა, რომ ეს წუწუნიც კი უბრალოდ საფარი იყო იმისთვის, რომ ГРУ-დან მიღებული დაფინანსება დაემალათ. ეს მწირი ბიუჯეტი Bonanza Media-მ, გასაკვირად, მასშტაბურად გამოიყენა: გადამღები ჯგუფი მალაიზიას, რუსეთს, აღმოსავლეთ უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის კურსირებდა, მათ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელშიც უკრაინის ხელისუფლებას ამხელდნენ. ასევე, გამართეს რამდენიმე პრესკონფერენცია ნიდერლანდებსა და მალაიზიაში, მალაიზიელ „ექსპერტს“ კიბერუსაფრთხოების დარგში, უკრაინელების მიერ „გადაჭერილი“ სატელეფონო საუბრების ექსპერტიზა დაავალეს და ათქმევინეს, რომ ეს აუდიოსაუბრები ყალბია.

მიუხედავად ამდენი ფაფხურისა, მათი შრომა კრემლის მედიის გარდა ვერავინ შეამჩნია, მათ პრესკონფერენციაზე ერთეულები დადიოდნენ, გავლენიანი მედია და დაღუპულთა ნათესავები იგნორირებას უკეთებდნენ. თუმცა, Bonanza Media ფარ-ხმალს არ ყრიდა. 2020 წლის დასაწყისში, ჰააგის სასამართლო პროცესის დაწყებამდე Bonanza Media-მ გამოაქვეყნა, თითქოს და, გაჟონილი დოკუმენტები გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფის (JIT) გამოძიებიდან. ახლა კი ირკვევა, რომ ეს დოკუმენტები კრემლის ხაკერების მიერ JIT-ის სერვერებიდან იყო მოპარული და მათში საგამოძიებო ჯგუფის მაკომპრომეტირებული არც არაფერია. მაგრამ, როგორც ყოველთვის, კრემლის მედიამ და ჩინოვნიკებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გამოყენება და „კრიტიკული“ პუბლიკაციების გამოქვეყნება დაიწყეს. მაშინ მაქს ვან დერ ვერფმა თავისი წყარო იმ საბაბით დამალა, თითქოს, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. თუმცა, The Insider и Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ სინამდვილეში ეს „ანკარა წყარო“, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ ГРУ ყოფილა.

ამას გარდა, 2019 წლის ზაფხულში, როდესაც ერლაშოვამ და ვან დერ ვერფმა დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა დაასრულეს და ის საჯარო გახადეს, თავისი გეგმების შესახებ ინფორმაციას ГРУ-ს პოლკოვნიკ სერგეი ჩებანოვს რეგულარუად აწვდიდნენ. მას ჩასასწორებლად უგზავნიდნენ იმ სტატიების შავ ვერსიებს, რომლებიც შემდგომში საიტზე უნდა განთავსებულიყო. The Insider-მა и Bellingcat-მა ეს საფოსტო მიმოწერებიც მოიპოვა. ამ მიმოწერებში ჩანს ის ფაქტიც, რომ Bonanza Media-ს ჯგუფს ოკუპირებულ დონბასში გადაღებების ორგანიზებაში უშუალოდ ГРУ-ს გენერალი, ილიჩენკო დაეხმარა.

ამ დროისთვის, უკრაინელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონ­ბა­სის მახ­ლობ­ლად რუსული „ბუკ“-ით ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი მა­ლა­ი­ზი­უ­რი ბო­ინ­გის საქ­მე­ზე ჰა­ა­გა­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცესი მიმდინარეობს. კრემლი და უკრაინელი სეპარატისტები ირწუნებიან, რომ ჰოლანდიის პროკურატურა, 298 დაღუპულის ოჯახები, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ჰააგის სასამართლო რუსეთს უსამართლოდ ებრძვიან. და მართლაც, თუ კი Bonanza Media-ს ჟურნალისტებისა და მათ მსგავსთა „სუფთა“ თვალებში ჩავიხედავთ, უნდა დავიჯეროთ, რომ, როგორც ყოველთვის, კრემლის წინაშე ყველა მტყუანია…

ავტორი: დიმიტრი ზედგენიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები