
"20-21 ივნისის ღამის მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის არსებობს ბრძანებები და მათზე მე მაქვს ხელი მოწერილი"
27/06/2019 18:00:23 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
20-21 ივნისის ღამეს მომხდარის მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის არსებობს კონკრეტული ბრძანებები, ამ ბრძანებებზე მე მაქვს ხელი მოწერილი“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს როგორც შაბლონური, ისე გეგმაც, რომელიც გარემოებების მიხედვით იცვლება.
„ეს არის პროცედურული საკითხი, როდესაც ღონისძიების გეგმა იქმნება. კონკრეტული საღამოს და კონკრეტული, მსგავსი ღონისძიებების შესახებ გეგმას ხელს აწერს მინისტრი. არსებობს შაბლონური გეგმაც და არსებობს გეგმაც, რომელიც კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე კონკრეტულ ეპიზოდში და გარემოებებში იცვლება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომ რეზინის ტყვიებისა და სხვადასხვა სახის გაზის გამოყენება „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის, მიზანი იყო, თუმცა ეს არ გამოვიდა.
„პრემიერმა რაც თქვა, ეს იყო მიზანი, სურვილი ყველა ჩვენგანის, მაგრამ პრემიერმა რომ ეს თქვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ პოლიციელის ან მოქალაქის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგებოდა, პოლიციელს რეზინის ტყვია ან გაზი არ უნდა გამოეყენებინა. არ არის კორექტული ის, როგორც თქვენ ამას კითხულობთ. პრემიერმა თქვა ის, რაც იყო მიზანი, ყველანაირი ძალადობისა და ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე მომხდარიყო მიზნის მიღწევა, მაგრამ არ გამოვიდა. და როცა მოქალაქის და პოლიციელის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგებოდა, პოლიციელს უნდა ემოქმედა, რაც გააკეთა. ეს პოლიციელის მოვალეობაა“, - მიმართა ჟურნალისტებს შს მინისტრმა.