ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო
16/11/2020 10:44:39 ეკონომიკა
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და სკოლის გენერალურ დირექტორ ნინო ჩიკვაშვილთან ერთად ჩააგდო.
ქართულ-ამერიკული აკადემია, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით, 2021 წელს გაიხსნება. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს.
აღნიშნულ პროექტს სკოლა „პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტო "AdvancED"-ისა და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ.


