
ვინ გასცა აქციის დაშლის, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება: გახარიას კომენტარი
27/06/2019 17:35:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20–21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე თავად იღებს პასუხისმგებლობას. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რაში განოიხატება მისი პასუხისმგებლობა.
"ჩემთვის ამ სავარძელში ჯდომა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - ასე უპასუხა მინისტრმა რეზინის ტყვიეთან დაკავშირებულ კითხვას.
„მე დღეს ამ სავარძელში ჩემი პასუხისმგებლობიანად ვზივარ. ამ კონკრეტულ ტყვიას რაც შეეხება, მე ახლა ვსაუბრობ მინისტრის რანგში და თითოეულ ჩემ სიტყვას კარგად ვაცნობიერებ, აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა. 21 ივნისს არც ერთი რეზინის ტყვია რომელიც არის აკრძალული და რომელიც არის ლეტალური, არ ყოფილა გამოყენებული და ვერც იქნებოდა. ამ ტყვიების გამოყენება არის გამოძიების საკითხი და მე ახლა არ შევალ განხილვაში. ეს ტყვიები არსებობს გამოძიების საქმეში და გამოძიება დაადგენს ამას. მე არ მივცემ მორალურ და არც სამართლებრივ შეფასებებს. აქვე ვიტყვი, რომ ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტმა.
მიუხედავად არაერთგზის კითხვისა, მინისტრმა არ დააკონკრეტა, უშუალოდ ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. თუმცა აღნიშნა, რომ სამართალდამცველები მისი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქმედებდნენ.
„რაც შეეხება ბრძანებას - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება ამ ტყვიების გამოყენებაზე. ყველაფერი რაც ამ საკითხს ეხება, არის ჩემი პასუხისმგებლობა. ჩემი პასუხისმგებლობა გამოიხატება, ბოლომე მივიყვანო გამოძიება რომელიც დაკავშირებულია როგორც უფლებამოსილების გადამეტებასთან, ასევე 225-ე მუხლთან. თუ გამოძება დაადგენს, რომ იყო ლეტალური ტყვიები, მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე და არა თქვენს წინაშე. ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება. ყველა თანამშრომელი, რომელიც მოქმედებდა რუსთაველზე, მოქმედებდა ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. სანამ არ დასრულდება გამოძიება, მე ვრჩები აქ და ვიქნები აქ, როგორც კი დავასრულებ ამას ყველაფერს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებსაც მივიღებთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომის. ჩემთვის ამ სავარძელში ჯდომა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გახარიამ და იქვე დასძინა, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს როგორც დაშავებული მოქალაქეების მიმართ, ასევე სამართალდამცველების მიმართ, რომლებივ დღეს „სამოქალაქო გასამართლების საგნად არიან ქცეული“.
მოგვიანებით მინისტრს ჰკითხეს, რა ფორმით გასცა აქციის დაშლის ბრძანება: სიტყვიერად, თუ წერილობით, ან უშუალოდ ვინ გასცა ეს ბრძანება. მინისტრმა კონკრეტულ პასუხს ამ შემხვევაშიც აარიდა თავი. მან თქვა, რომ პასუხს თავად აგებს.