სახელმწიფო დეპარტამენტი: "პომპეოს თურქეთში ვიზიტისას ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის"
14/11/2020 18:10:49 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თურქეთში ვიზიტის დროს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის.
"საფრანგეთის შემდეგ პომპეო თურქეთს ეწვევა, სადაც შეხვდება მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს და სამოციქულო ნუნციოს მთავარეპისკოპოს პოლ რასელს. ამასთან, იგი რუსტემ ფაშას მეჩეთს ესტუმრება. მდივანი პომპეო აპირებს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები რელიგიური საკითხების განსახილველად და როგორც მოგეხსენებათ, რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიური ნიშნით დევნის წინააღმდეგ ბრძოლა აშშ–ის ადმინისტრაციისა და მდივან პომპეოსთვის მთავარი პრიორიტეტია. გარდა ამისა, იგი შეხვდება ჩვენს ელჩებს და ჩვენი მისიების, საელჩოების და სტამბოლში მდებარე გენერალური საკონსულოს თანამშრომლებს", – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, "იგეგმება თუ არა პომპეოს შეხვედრა თურქეთის ხელისუფლების წევრებთან", სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შემდეგი განაცხადეს:
"პომპეოს დღის წესრიგი მოიცავს იმ შეხვედრებს, რომელთა შესახებაც უკვე აღვნიშნეთ. თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი ახლა არ არის. ჩვენ უბრალოდ ჩვენი ძალიან მკაცრი გრაფიკი გვაქვს სტამბოლში და ვფიქრობთ, რომ თურქეთის მაღალჩინოსნებს ასევე აქვთ საკუთარი მოგზაურობის განრიგი".
ცნობისთვის: ოფიციალური ტურნეს ფარგლებში, რომელიც 13–დან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, პომპეო საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთს ეწვევა.
17-18 ნოემბერს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქ ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლებს შეხვდება.
იხილეთ ასევე: პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები


