პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

12-11-2020 10:48:13 ინტერვიუ

აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსალოდნელი ცვლილების მიუხედავად, რაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც ცვლილებების მოლოდინს აჩენს, კავკასიის რეგიონში და უშუალოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშშ–ის მოქმედი სახელმწიფო მდივნის - მაიკ პომპეოს დაანონსებული ვიზიტი პოლიტიკური აქტორებისა თუ პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოებისგან მაინც მნიშვნელოვნად ფასდება. რა სახის გზავნილებს ელიან საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსნისგან, რომელიც თანამდებობას სავარაუდოდ, ორიოდ თვეში დატოვებს? - ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

ამ დღეებში პომპეოს მოსალოდნელი ვიზიტი „დაგვიანებულად, მაგრამ უაღრესად საჭიროდ“ შეაფასეთ. რატომ?

სამხრეთ კავკასიას დონალდ ტრამპის [აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის – რედ.] ადმინისტრაციის პირობებში ნაკლები ყურადღება ექცეოდა – იგი ფაქტობრივად გაქრა აშშ–ის საგარეო პოლიტიკური რადარებიდან. მართალია, უშუალოდ საქართველოსა და უკრაინას გარკვეული ყურადღება ექცეოდათ, მაგრამ ეს ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინერციით მიდიოდა – არ შეინიშნობოდა ახალი ხედვები. ეს აშკარად წარმოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმაც - დასავლეთი გამოჩნდა უსუსურ აქტორად. ამიტომ ვთვლი ამ ვიზიტს დაგვიანებულად. და იქიდან გამომდინარეც, რომ აშშ–ში ადმინისტრაცია იცვლება, პომპეოს ვიზიტი „გედის ბოლო სიმღერასავითაა“.

რაც შეეხება ვიზიტის ძირითად მიზნებს, მიზანი შეიძლება, იყოს ის, რომ ბოლო დღეებში შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველომ თავი იზოლაციაში არ იგრძნოს: ვნახეთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტში დასავლეთის როლი მიზერული, ფაქტობრივად, ნულოვანი იყო; დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ძირითადი ინიციატორები რუსეთი და თურქეთი აღმოჩნდნენ, ჩვენი ძირითადი მხარდამჭერები კი, როგორც ცნობილია, დასავლეთი და აშშ არიან. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, მათ შორის, რუსეთისთვის, რომ „დასავლეთი შეიძლება, დაკავებული იყოს სხვა საქმეებით, მაგრამ საქართველოს უყურადღებოდ არ დატოვებს“. ამავდროულად, ვიცით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გარდამავალია და სადღეისოდ ვეღარაფერს შეცვლის. აშშ–ის ახალ პოლიტიკას დაახლოებით ორ–სამ თვეში უნდა ველოდოთ. ვნახოთ, ვინ იქნება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, რა საგარეო პოლიტიკა ექნება მას – მაშინ გამოჩნდება იმის კონტურები, როგორ განვითარდება შეერთებული შტატების ხედვა ჩვენი რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს მიმართ.

გარდა ამისა, პომპეოს ვიზიტის მიზანი ალბათ, საქართველოში გარკვეული პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაცაა.

როგორ ფიქრობთ, ტრამპის ადმინისტრაციამ რატომ ჩათვალა ეს ვიზიტი საჭიროდ?

რეგიონში იმდენად სწრაფად მოხდა გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომ საქართველოს იზოლაციის გარკვეული რისკი შეექმნა. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და ასეთ ვითარებაში სტრატეგიული პარტნიორისგან მხარდაჭერაა საჭირო. ამას ემატება შიდა პოლიტიკური ვითარებაც: იმ დროს, როდესაც ჩვენს გარშემო რეგიონი იცვლება, ქვეყანა არასტაბილურობის ფაზაში შედის, რამაც ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს: საქართველოს პოზიცია რეგიონში შესაძლოა, კიდევ უფრო მოწყვლადი გახდეს და ეს მის დაცვას გაართულებს. აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატები დაინტერესებულია, საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს, მიაღწიოს შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - რომ ის რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერად, რათა არავის ჰქონდეს რაიმე ცდუნება.

რუსული პრესის კომენტატორები, მაგალითად, ინტენსიურად ცდილობენ, დასავლეთი ყარაბაღის მოვლენების კონტექსტში უმოქმედო აქტორად წარმოაჩინონ, რომელსაც რეგიონში არავითარი ინტერესი არ აქვს, – „ახლა ხომ გამოჩნდა, რეალურად ვინ რისი გამკვეთებელია: ყარაბარში რუსი სამშვიდობოები ჩავიდნენ და არა საერთაშორისო ორგანიზაციებიო!“. ეს მათი პოლიტიკა რუსულ სეგმენტზეა მორგებული, მათ შორის – საქართველოში. პომპეოს ვიზიტი კი გზავნილია რუსეთისთვის და თუნდაც თურქეთისთვის: აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯერ საფრანგეთში ჩადის, შემდეგ - თურქეთში, საქართველოში, შემდეგ - ახლო აღმოსავლეთში და ეს იმის დემონსტრირებაა, რომ განურჩევლად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, შეერთებულ შტატებს რეგიონში საკუთარი ინტერესები გააჩნია.

ამ კონტექსტში საინტერესო იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ დავით ზალკალიანის ერთგვარი აღიარება, „ჩავიკეტეთ, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების შეფასებით ვართ დაკავებული, როდესაც რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას მთელი რეგიონიო“...

მართალია: ახლა საქართველოს გარშემო უამრავი რამ იცვლება, ქვეყანა ერთგვარ რეგიონულ იზოლაციაში ექცევა მიმდინარე პროცესებით, რომელშიც ერთი აქტორი დამპყრობელია, მეორე – მეტ–ნაკლებად მეგობრული, ჩვენ კი პროცესებში არც ვართ ჩართული, ისე ვიქცევით, თითქოს ეს ყველაფერი სადღაც შორს ხდებოდეს და ენერგიას ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ვხარჯავთ.

იზოლაციის შეგრძნების ფაქტობრივი აღიარებით ზალკალიანმა ეს აქცენტი შეიძლება, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით გააკეთა, მაგრამ ეს გარკვეულწილად ოფიციალური პოზიციაცაა: ბუნებრივია, ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში ნეიტრალური პოზიცია უნდა დაგვეკავებინა, მაგრამ ეს იზოლაციაში აღმოჩენას არ უნდა გულისხმობდეს. ხოლო იზოლაციაში რომ არ აღმოჩნდე, მეტი აქტიურობაა საჭირო, მათ შორის – ევროპელ ლიდერებთან. ამდენად, ამგვარი [პომპეოს] ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იზოლაციის შეგრძნება, რომელიც საქართველოში ჩნდება, რაღაცნაირად გაქარწყლდეს.

იზოლაციის თემა რომ გავაგრძელოთ, გასაგებია, რომ სამეზობლოს ვერ ვცვლით, მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ იზოლაციაში არ ამოვყოთ თავი?

ამ მიმართულებით ხელისუფლების მიმართ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა: საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ძალიან „მოიკოჭლებდა“ – ფაქტობრივად, რეაქტიული გახდა, თუმცა უკვე ბოლო რამდენიმე წელია, არაა პროაქტიური. ამასთან, ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიზება, რაც სრულიად დაუშვებელია. მინისტრი არ უნდა იქცეოდეს, როგორც პარტმუშაკი (ამის საუკეთესო მაგალითებია შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული მისი მთელი რიგი განცხადებები), ის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს.

ბრძანეთ, რომ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებს არა კონსოლიდირებულნი, არამედ – დანაწევრებულები ვხვდებით. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება, მაგრამ მეტწილად – ხელისუფლებას. და რას აკეთებს ის საზოგადოების კონსოლიდაციისთვის, ამის ნიშნებს ხედავთ?

ქვეყანას კონსენსუსური ტიპის ლიდერები სჭირდება, რომლებიც ხელს შეუწყობენ არა პარტიულ, არამედ ერთობისკენ მიმართულ ინტერესებს. სამწუხაროდ, ვერც ოპოზიციის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ვხედავ მსგავს ნაბიჯებს. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას მეტი ეკისრება, რადგან მისი მოვალეობაა, დაიწყოს დიალოგი, ის კი პირიქით, პროცესს თითქოს „ცეცხლს უნთებს“, რაც კონტრპროდუქტიულია! ორივე მხარის შეთანხმებით რაღაც დღის წესრიგი უნდა შეიქმნას და გაჩნდეს დიალოგის ახალი ფორმატი, რომელსაც ბუნებრივია, საერთაშირისო პარტნიორები ხელს შეუწყობენ (ვნახეთ კიდეც მათი მზაობა). მაგრამ ამას ორივე მხრიდან სჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენ საპარლამენტო სისტემაზე გადავდივართ და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ეს სისტემა კონსენსუსისთვის მზაობას მოითხოვს, სადღეისოდ კი ამისგან ძალიან შორს ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებაზე უარი უნდა თქვას - პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს, მაგრამ ინსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო – სადღეისოდ რეგიონში არსებულ ტურბულენტულ ვითარებაში. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტით ქვეყანას წინ ვერ წასწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით – ეს წარმოუდგენელია! 2024 წლისთვის ევროკავირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაზე იყო საუბარი!... ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და თუ საკითხი ახლავე არ გადაიჭრა, მხოლოდ უკან დავიხევთ - და ამის ნიშნები უკვე ჩანს! პასუხისმგებლობა ყველამ – პოლიტიკურმა აქტორებმა, საზოგადოებამ, მედიამ უნდა გადავინაწილოთ.

და ბოლოს, რას ველოდებით პომპეოს ვიზიტისგან? რა იქნება მისგან, ასე ვთქვათ, «კარგი» გზავნილი?

კარგი იქნება, თუ ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ინსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევას მოახერხებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მიუხედავად არსებული პრობლემებისა. მას უნიკალური შანსი აქვს, ეს გააკეთოს და იმედია, ასეც მოხდება. მეორე – კარგი იქნება, მან გააკეთოს მკვეთრი განცხადება საქარველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით (პრინციპში, თავისთავაა ვიზიტიც ამგვარი განაცხადია), განაცხადოს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია რეალურია (რეგიონში მიმდინარე ცვლილებები ხომ საზოგადოებაზეც ახდენს გავლენას და ნახავთ, რამდენიმე თვეში დაიწყება აქტიურობა, „ხომ ხედავთ, დასავლეთი „დაიკარგა“, ისევ რუსეთმა მოაგვარა ყველაფერიო“ და ა.შ.) უკვე ვთქვით, რომ დიდ ცვლილებებს ამ რამდენიმე თვეში არ უნდა ველოდოთ, მაგრამ საქართველოსთვის ამ პერიოდში პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც არ უნდა სცადონ ოპოზიციურმა თუ სახელისუფლებო პარტიებმა, ვიზიტი პარტიულ მხარდაჭერად გაასაღონ, ეს ასე არაა – აშშ საქართველოში არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს: ის დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით და განვითარებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები