
ბობოხიძე: „მზად ვარ, ჩავიდე მოსკოვში და ვითანამშრომლო გამოძიებასთან“
27/06/2019 17:11:15 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ქართველის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე რუსი დეპუტატების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს რუსულ გამოძიებასთან, თუ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი, მისი სიტყვების საფუძველზე, აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და დაინტერესდება, რას აკეთებდნენ რუსეთის მოქალაქეები 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე; გამოიძიებს, რატომ იყვნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში.
„თუ ამ საკითხებით დაინტერესდებიან, მზად ვარ ჩავიდე მოსკოვში და ვითანამშრომლო გამოძიებასთან“, - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
საქართველოს პარლამენტის წევრის თქმკით, სიტყვა „ვკლავდი“ მის მიერ ნათქვამი იქნა „ვებრძოდის“ მნიშვნელობით.
„უამრავი ფაქტი ვიცი, როდესაც ქართველ ტყვეებს გადაჰფარებიან ჩეჩნები, აფხაზები. ზუსტად ასევე ტყვეები დაუცავს ქართულ მხარესაც. სამწუხაროდ, ყველა ომში იღუპებიან ადამიანები და, სავარაუდოდ, ჩემი ავტომატიდან ნასროლი ტყვიითაც დაიღუპებოდა ვინმე. მესმის, რომ ცუდად, რაღაცნაირად „ქილერულად“ ჟღერს ინდივიდუალურ ფორმატში ნათქვამი „ვკლავდი“, მაგრამ, ვიმეორებ, ომში იხოცებიან ადამიანები... დღეს, ცხადია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არ უმუქრებათ ახლა და არ დაემუქრებათ არც მომავალში საქართველოს არც ერთი მოქალაქისაგან და მათ შორის ჩემგან. მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არანაიარი პრობლემა არ გვაქვს“.
აკაკი ბობოხიძის თქმით, არც კი ფიქრობს, მიმართოს მთავრობას დაცვის დანიშვნვის მოთხოვნით.
„რუსეთთან ურთიერთობისას საფრთხისგან არავინ და არასდროს არ არის დაზღვეული, თუმცა იმედი მაქვს, თუ რუსები იმოქმედებენ სკრიპალების საქმის მსგავსად, ამით დიდად გაირთულებენ ცხოვრებას, ხოლო რუსეთისთვის ცხოვრების გართულებაში თუ ჩემი სახელი და გვარი რამე როლს ითამაშებს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.
ცნობისთვვის: 20 ივნისს საქართველოდან გაძევებული რუსული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა ნიკოლაი ზემცოვმა რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრე ბასტრიკინს მიმართა თხოვნით "შეამოწმონ“ ქართველი დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთში რუსების ხოცვის შესახებ განაცხადა.