ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა
12/11/2020 07:43:32 საზოგადოება, რეკლამა
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე სამელიორაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
"კირბალი-ბერშუეთის მონაკვეთზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
აღდგენილი საირიგაციო არხით კირბალის, ზერტის, ბერშუეთის, სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავისთვის უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


