IMF-მა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
11/11/2020 10:17:40 ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 4.3%-მდე შეამცირა. ამას ფონდი საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის სწრაფი გავრცელებით და სამეზობლოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვით ხსნის.
"2021 წელს, პანდემიის ეფექტის გალევის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს; თუმცა ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები ახლავს. ‘მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის (WEO)’ ოქტომბრის ანგარიშში გაჟღერებული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (5 პროცენტი) გადახედვა გამოწვეულია იმ გაურკვევლობით, რაც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტთან და საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან", - ნათქვამია სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის განცხადებაში.
მისივე ცნობით, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდეგ $112 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. "ამ თანხის ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხული მთლიანი თანხა 406 მილიონ ესდეერს, ანუ (დაახლოებით 576.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება", - განაცხადა საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.
IMF-ის მისიამ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებები 5-9 ნოემბრის პერიოდში გამართა.


