
არჩილ თალაკვაძე: "ვემზადებით ახალი მოწვევის პარლამენტში მუშაობისთვის"
10/11/2020 08:43:30 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის და ახალი მოწვევის პარლამენტში მუშაობისთვის ემზადება. ამის შესახებ მან OSCE/ODIHR–ის დამკვირვებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თალაკვაძემ საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებების ნაწილი კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ "საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით ჩატარდა".
„ჩვენ განვიხილეთ მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები და ის მონაცემები, რომელიც უკვე არსებობს 39 უბნის გადათვლასთან დაკავშირებით. ცსკ–მ კანონმდებლობის სრული დაცვით, ოპოზიციის და დამკვირვებლების ჩართულობით გადათვალა ძირითადად ის უბნები, რომელთა მიმართაც შესაძლო ხარვეზებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელი განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ასევე, ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა ცსკ–ის მხრიდან ინკლუზიურ პროცესს, როცა მიმდინარეობდა ამ უბნების გადათვლის პროცესი. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის, ვემზადებით ახალი მოწვევის პარლამენტში მუშაობისთვის, რომელიც იქნება კიდევ უფრო პლურალისტური და ვფიქრობთ, რომ უფრო უკეთ უპასუხებს გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, - აცხადებს თალაკვაძე.
რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგის შესაძლებლობას, თალაკვაძის შემდეგი განაცხადა:
"ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის მზად ვართ საუბრისთვის, მზად ვართ მუშაობისთვის ახალ პარლამენტში. თუ ვინმეს სჭირდება ამასთან დაკავშირებით მოწოდებები, ეს არის ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი დესტრუქციული ნაწილი, რომელიც ამ დღეებში ცდილობდა, მიეღო რაიმე დივიდენდები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებით. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს პროცესი წარუმატებლად სრულდება“.
მისივე თქმით, სამართალდმაცავებმა და სახელმწიფომ კანონის დაცვით უპასუხეს არსებულ გამოწვევას და დასძინა, რომ "არავის მისცემენ ქვეყნის დემოკრატიაზე და დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე თავდასხმის საშუალებას".
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით კი მოძრაობა "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. მიტინგზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.