
კეკელიძე – აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებს: "ბიბლიოთეკის კარი თქვენთვის ღია იქნება"
09/11/2020 15:56:35 საშინაო პოლიტიკა
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოძრაობა "სირცხვილიას" აქციის მონაწილეებს მიმართავს.
"თუ შეგცივდათ, ან მოგწყურდათ, ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ, ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის. და კიდევ ერთი აუცილებელი რამ უნდა გითხრათ: აუცილებლად დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე. კორონავირუსი ვერ არის სახუმარო საქმე", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 22:00 სთ–ის შემდეგ დაუმორჩილებლობის აქციის გამართვას გეგმავს.
ცნობისთვის: პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა, იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.
როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: "აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის".