
ბარამიძე: "სააკაშვილი და ივანიშვილი დიალოგის მონაწილეები უნდა იყვნენ"
09/11/2020 12:00:18 საშინაო პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ თუ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასა ხელისუფლებას შორის დიალოგი გაიმართება, აუცილებელი მონაწილეები ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ.
“თუ დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერენ მხარს, თუ მათ სურთ, რომ ეს დიალოგი იყოს სრულფასოვანი და შედეგის მომტანი, მაშინ ამ მოლაპარაკებების აუცილებელი მონაწილეები (სხვებთან ერთად) უნდა იყვნენ ორივე მხარის რეალურად ყველაზე ძლიერი ფიგურებიც – დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი. ამისათვის საჭიროა მათი (დასავლეთის სახელმწიფოთა) მონდომება და ხელისუფლების ნება, პოლიტიკური (პანდემიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სავალუტოსთან ერთად) კრიზისი ცივილიზირებულად და დემოკრატიულად დაიძლიოს”, — წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ დემონსტრანტს წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მედიის წარმომადგენლები.
დღეს „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.