
კალაძე: "მეამაყება, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე არის აყვანილი "
09/11/2020 08:32:41 საშინაო პოლიტიკა
8 ნოემბრის აქციის წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ "საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი ხარისხით" ამაყობს.
"ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორი საპროტესტო აქცია. ერთი – რუსთაველზე მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რომლის დროსაც სხვადახვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოსულიყვნენ და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე არის აყვანილი. ვერავინ და ვერაფერი ამას ხელს ვერ შეუშლის. მაგრამ, როდესაც მეორე ნაწილში ჩვენ ვიხილეთ დესტრუქციული ქმედებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ეს არ არის მისაღები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას არ მოსწონს ის, რაც გუშინ მოხდა. ჩვენ შესაბამისად, კანონის ფარგლებში ვიმოქმედეთ", – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დესტრუქციულ ოპოზიციაში "მელიასა და მის "შპანას" გულისხმობს.
მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ოპოზიციასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მათთა ერთად დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან".
ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
დემონსტრანტების, რიგი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო მედიის ცნობით, "სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გაფრთხილების გარეშე გამოყენებით დაშალა".
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.