Accentnews.ge
არასამთავრობოები – ხელისუფლებასა და ოპოზიციას: "დაიწყეთ მოლაპარაკებები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად"

არასამთავრობოები – ხელისუფლებასა და ოპოზიციას: "დაიწყეთ მოლაპარაკებები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად"

09/11/2020 07:17:16 საშინაო პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA), "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" (TI) და "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) აცხადებენ, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ.

არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს ახალი საარჩევნო სისტემით ირჩევდნენ. პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი და ქმნიდა წინაპირობას ახალი და შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლით, საკანონმდებლო ორგანო უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო, დასრულებულიყო პოლიტიკური პოლარიზაცია, გაზრდილიყო საქართველოს პარლამენტის მთავრობაზე ზედამხედველობის ეფექტურობა, რაც თავის მხრივ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. პანდემიის მიუხედავად, 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე თავისი ნების გამოსახატად 1 970 540 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ უპრეცედენტო რაოდენობაა და განსაკუთრებით დასაფასებელია. სამწუხაროა, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტობრივად გამქრალი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის; მრავლად იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები; სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური გავლენები როგორც საარჩევნო დარღვევების გამოძიების, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების დაწყების კუთხით, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“ - პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად და ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით მაღალი ალბათობით, ხელისუფლებამ ამ საქმეზე ორი უდანაშაულო პირი დააპატიმრა. არჩევნების დღე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა. პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები. კერძოდ, დისბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, გადასწორებები, შესწორების ოქმების გაუმჭვირვალედ და ობიექტური შესწავლის გარეშე შედგენა. ამ პრობლემების ფონზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების შედეგების გადათვლის შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი და მთელი რიგი სხვა გარემოებები საზოგადოების დიდ ნაწილში არჩევნების შედეგების სანდოობასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. აღნიშნული გარემოებების გამო ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მომავალი პარლამენტის ბოიკოტირების გზა ერთსულოვნად აირჩია.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცსკ–ის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რომლის შედეგად არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.

მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის – საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები. მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია კიდევ უფრო ამძიმებს. დარწმუნებულები ვართ, ეს მცდელობა აუცილებელია და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს“.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S