
ტრამპი ამომრჩეველთა ხმების გადათვლის გეგმებით არის დაკავებული, მსოფლიო ლიდერები – ბაიდენისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვით
07/11/2020 20:18:15 მსოფლიო
აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრების გეგმებით არის დაკავებული, ხოლო მსოფლიო ლიდერები – პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვით.
კერძოდ, ბაიდენს აშშ–ის რიგით 46–ე პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცეს ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა; გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა; საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა; კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ; დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა; ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა, ესპანეთის პრემიერ –მინისტრმა პედრო სანჩესმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მსოფლიო ლიდერების განცხადებით, მოუთმენლად ელოდებიან აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას.
აშშ–ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოუგო და ქვეყნის რიგით 46–ე პრეზიდენტი გახდა, – იუწყება საერთაშორისო მედია.
მისივე ცნობით, ბაიდენმა გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი უკვე გადალახა. აღნიშნული პენსილვანიისა და ნევადას შტატებში გამარჯვებამ განაპირობა.
ამასთან, ბაიდენი ლიდერობს არიზონასა და ჯორჯიას შტატებშიც, სადაც ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ამ დროისთვის ბაიდენს წარმომადგენლების 279 ხმა აქვს, ტრამპს - 213.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს:
"ყველამ ვიცით, რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას და რატომ ეხმარებიან მას მოკავშირე მედიასაშუალებები: მათ არ სურთ სიმართლის გამოაშკარავება. მარტივი ფაქტია: ამ არჩევნების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. ჯო ბაიდენი არც ერთი შტატის დადასტურებულ გამარჯვებულად ჯერ არ გამოცხადებულა, რომ არაფერი ვთქვათ მაღალი კონკურენციის მქონე შტატებზე, რომელთა შედეგებიც აუცილებლად გადაითვლება ისევე, როგორც ის შტატები, რომლებშიც ჩვენს კამპანიას დამაჯერებელი და ლეგიტიმური სამართლებრივი პრეტენზიები აქვს, რამაც შესაძლოა, საბოლოო შედეგები შეცვალოს. მაგალითად, პენსილვანიაში ჩვენი დამკვირვებლები არ დაუშვეს, რათა ხმის დათვლის პროცესს დაკვირვებოდნენ. კანონიერი ხმები წყვეტენ, ვინ გახდება პრეზიდენტი და არა მედია. ორშაბათიდან ჩვენი კამპანია საქმეს სასამართლოში წარადგენს, რათა პრეზიდენტის თანამდებობა კანონიერმა გამარჯვებულმა დაიკავოს. არ მოვისვენებ მანამ, სანამ ამერიკელი ხალხი დამსახურებულ, ხმის დათვლის სამართლიან პროცესს არ იხილავს, რასაც დემოკრატია მოითხოვს".
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენს ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა (2008-2012 და 2012-2016 წლებში). მანამდე, იგი ათწლეულების მანძილზე სენატორი იყო დელავერის შტატიდან.
ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში პირველი ვადით არჩეული ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი – აშშ-ის პირველი ქალი და პირველი შავკანიანი ვიცე –პრეზიდენტი.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ფიცს 20 იანვარს დადებს. ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
როგორც წესი, ინაუგურაცია კაპიტოლიუმის კიბეზე ტარდება. შემდეგ პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას იწყებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.