Accentnews.ge
კრემლის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი: გავრილოვი საქართველოში ომს არ გამორიცხავს

კრემლის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი: გავრილოვი საქართველოში ომს არ გამორიცხავს

27/06/2019 11:48:17 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

კრემლი საქართველოს მისამართით მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილს ავრცელებს. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატი, საქართველოდან გაძევებული სერგეი გავრილოვი საქართველში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს და ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხავს. 

„რეგიონისადმი ყურადღება უახლოეს ხანებში გაიზრდება. ომი ახლო აღმოსავლეთიდან შესაძლოა, საქართველოს გადაედოს. ამიტომაც ქვეყნიდან რუსი ტურისტების გაყვანა უსაფრთხოების უპირველესი ზომაა. ვითარება იმგვარად შეიძლება, განვითარდეს, რომ ეკონომიკური დანაკარგების საკითხი მეორეხარისხოვანი აღმოჩნდება და წინა პლანზე ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეების შენარჩუნების ამოცანა გადავა, ეს კი ჩვენი ქვეყნის არა საგარეო, არამედ საშინაო საკითხია“, – განაცხადა, რუსული მედიის ინფორმაციით, გავრილოვმა.

პროფესორ ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, გავრილოვი რუსი ჩინოვნიკების მიერ არაერთგზის ნაცად ხერხს მიმართავს: 



"გავრილოვი ახალს არაფერს აკეთებს. მისი მიზანია, მაქსიმალურად "გააშავოს" საქართველო, რათა თავისი ჭკუით, სამაგალითოდ "დასაჯოს" ურჩი ქვეყანა. არაფერი გამოუვათ. თუ ჩვენ ვიქნებით გონიერები და რელევანტურები, უკვე ვეღარ გაიმეორებენ 90-იანი წლების სიტუაცია, როდესაც არიეს და უკან დაწიეს საქართველო. მას შემდეგ, როგორც ერი გავიზარდეთ. არც ისე ადვილია ერთად შეკრული ერის გატეხვა. ახლა ჩვენ გავდივართ დასავლეთთან დაახლოების იმ გზას, რაც ბალტიის ქვეყნებმა 90-იან წლებში გაიარეს. რუსული მხრიდან ეს ისტერიული გამოხტომები და ქცევა მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ დაწყებული შტურმი ქართულ სახელმწიფოზე ადვილი შესამჩნევი იყო. 

ამ გეგმის შემადგენელი ნაწილები იყო: ანაკლიიის პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობა, გარეჯის გამო აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობა, ნეიტრალიტეტის თემის წამოწევა, "დასავლეთი ქართველობას გვართმევს" ძახილის ფონზე ვასაძისა და "პატრიოტების" გააქტიურება და ბოლოს გავრილოვის დემარში. ამას თავისი გაგრძელებაც ექნებოდა, რომ არა ჩვენი მშვიდობიანი ბუნტი!

ამ რუსული შტურმის ავტორი იმაში შეცდა, რომ დაგეგმვისას ვერ ან არ გაითვალისწინა ქართველთა ეროვნული ფსიქოლოგია და ისტორია. ჩვენს ისტორიაში ოდნავ მაინც თუ ჩაიხედავდა, დაინახავდა, რომ რაღაც მომენტამდე ქართველი შეიძლება მიამიტი და ძალიან მომთმენი ჩანდეს, მაგრამ როგორც კი საქმე ფუნდამენტურ საკითხებს ეხება, ქართველში მაშინვე ინსტიქტურად იღვიძებს ბახტრიონის აჯანყების მომწყობთა სული, რომელიც მზადაა დედაწულიანად წალეკოს მტერი.

ჩვენ ცივილიზაციური არჩევანი IV საუკუნეში გავაკეთეთ და 15 საუკუნის განმავლობაში ამისთვის დიდი ფასიც გადავიხადეთ. XXI საუკუნეში ჩვენს არჩევანს ვერავინ შეგვაცვლევინებს.

რუსეთის მცდელობა, შემოაბრუნოს ისტორიის მსვლელობა, კრახისთვისაა განწირული. მითუმეტეს, გლობალურ მასშტაბში იგი დაღმავალი და მილევადი ძალაა. 

ჩვენ რაც გვევალება, არის ის, რომ ვიყოთ პრინციპულები, მაგრამ ამავე დროს მაქსიმალურად მშვიდობიანები და კონსტრუქციულები. 

ნაკლებად უნდა ვინერვიულოდ, რას იფიქრებს ჩვენზე პუტინი. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა ვაშენოთ თავისი ხარისხიანი განათლების სისტემით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, სამართლიანი არჩევნებით, სახელმწიფო მართვის გამართული სისტემით, დამოუკიდებელი მედიით, დემოკრატიითა და ადამიანის უფლებების დაცვით. 

ამისთვის კი საჭიროა მუდმივი შრომა, სწავლა, პატიოსნება და თავდადება. ეს თუ შევძელით, დანარჩენი (ნატო, ევროკავშირი და ა.შ.) უკვე თავისით მოვა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S