კოვიდ–სასტუმროს ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ
06/11/2020 14:13:44 საზოგადოება
კოვიდ–სასტუმროს ყველა პაციენტს და ბინაზე მყოფ ინფიცირებულთა ნაწილს დღეიდან სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, სამი სავალდებულო გამოკვლევიდან ერთი იქნება სისხლის საერთო ანალიზი, მეორე - D დიმერი, მესამე - სატურაციის განსაზღვრა.
"D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, აქვს თუ არა პაციენტს თრომბოემბოლიური რისკი და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული. სისხლის ანალიზი გვაძლევს სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება. მესამე - სატურაციის განსაზღვრა მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ, რამდენადაა ადამიანი ჟანგბადზე დამოკიდებული - ასეთი პაციენტები განსაკუთრებით განეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფებს“, - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განმარტა, სახლში დატოვებული კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების რა ნაწილს შეეხებოდა ხსენებული გამოკვლევები:
"სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს თბომბოემბოლიური დაავადების განვითარების თუნდაც მცირე რისკფაქტორი, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული ანალიზები, რომ მათ ასეთი გართულება არ განუვითარდეთ".
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. 4 618 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2 438 - კოვიდ-სასტუმროში, 7 469 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 094 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 619–ს შეადგენს. მათგან 336 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.


