"საქართველო გეგმავს იმ პაკეტის განხორციელებასაც, რაც დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება"
19/10/2020 15:26:17 საზოგადოება
საქართველო ბინაზე დატოვებული კოვიდ–ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომელთაც თბომბოემბოლიური დაავადების განვითარების თუნდაც მცირე რისკფაქტორი აქვთ, სპეციალური პაკეტის შეთავაზებას გეგმავს.
კერძოდ, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ამ პაკეტში შევა ორი ტიპის ანალიზი – სისხლის საერთო და ე.წ. დენდიმერი [ეს არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი].
"საქართველოში კორონავირუსის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება. თუ ვინმეს სჭირდება კორონავირუსის სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები მიჰყავთ ჰოსპიტალში. ახლა შეიძლება, განხორციელდეს ძალიან კარგი ღონისძიება საქართველოში, რაც არ ხდება დასავლეთში არც ერთ ქვეყანაში. იქ ბინაზე ვისაც ტოვებენ, ნიშნავს რომ უსიმპტომოა და არ სჭირდება გამოკვლევა და მკურნალობა. ჩვენთანაც ასეა მაგრამ, დღეს იყო მსჯელობა პრემიერთან იმაზე, რომ რაღაც მინიმალური პაკეტი გამოიყოს, რომელშიც იქნება სისხლის საერთო ანალიზი და ე.წ. დენდიმერი [ეს არის თრომბოელბოლიური გართულების რისკის მარკერი]. კოვიდისთვის თრომბოემბოლიური გართულებები ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის – უსიმპტომო პაციენტებშიც. იყო ერთი, ორი სიგნალი ამის სახლში დატოვებული პაციენტებიდან და რომ ეს სიგნალები არ გახდეს უფრო ხშირი და არ შეიქნას ისეთი ვითარება როგორიც უცხოეთშია – უსიმპტომო პაციენტებს შორისაც დიდი დანაკარგი, მუშავდება საკითხი, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს თბომბოემბოლიური დაავადების განვითარების თუნდაც მცირე რისკფაქტორი, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული ანალიზები, რომ მათ ასეთი გართულება არ განუვითარდეთ", – განაცხადა ცერცვაძემ.
15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის კოვიდ–სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, თრომბოემბოლიაა. მოგვიანებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თრომბოემბოლია უეცარ სიკვდილს იწვევს და ამ დროს ექიმები უძლურები არიან:
"ეს განვითარდება სასტუმროში, ქუჩაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციულ განყოფილებაში".
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


