
ბედუკაძე: “პუტინმა საქართველოში ტანკები უნდა შემოიყვანოს!"
27/06/2019 11:17:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
"ქართული ოცნების" მიერ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რუსული გამოცემა „Комсомольская Правда“-ს ჟურნალისტთან საუბრისას ეხმიანება და აცხადებს, რომ "პუტინმა საქართველოში ტანკები უნდა შემოიყვანოს, ისევე, როგორც 2008 წელს".
„აქცენტი“ „Комсомольская Правда“-ს რეპორტაჟიდან შესაბამისი ამონარიდის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
"ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ოდესღაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კარიერა დაასამარა, მიბრაზდებოდა, „საფერავს“ რომ არ ვსვამდი.
–რუსეთ–საქართველოს მეგობრობისა იყოს! ჩვენი მომავალი კავშირისა! – მოფერებით მეუბნება ვლადიმერ ბედუკაძე და ჭიქას მაწვდის.
–სამსახურებრივი მოვალეობა მაქვს შესასრულებელი, მიტინგზე ვარ წასასვლელი! – ვპასუხობ.
მიტინგზე ყოველდღე დავდიოდი და ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები იმედი მრჩებოდა იმისა, რომ სამშობლოში ნაცემი დავბრუნდებოდი. რა თქმა უნდა, კეთილი საქართველოსგან თვალში მუშტის მიღების დიდი სურვილი არ მქონდა, მაგრამ რუსეთში კოლეგები აზარტულად ელოდნენ ჩემს ფიზიონომიაზე „რუსოფობიის“ კვალის გაჩენას. ცოტა მწყინდა კიდეციქ გარშემომყოფთა მხრიდან ჩემი სრული იგნორირება: არც სიხარულს გამოხატავდნენ, არც სიძულვილს, ხანდახან უბრალოდ გაკვირვებულები მიყურებდნენ – შენ რაღა გინდა აქო?
– უბრალოდ ჯერ ვერ მომწიფდნენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა..., – განმიმარტა ამასთან დაკავშირებით ბედუკაძემ.
ციხის ლეგენდარული თანამშრომელი, რომლის მიერ გადაღებულმა ვიდეომ თავის დროზე მიშიკოს თითქოს დაუძლეველი რეჟიმი დაამსხვრია, დღეს საქართველოში აღარავის ახსოვს. იგი ქვეყნის ყველაზე პრორუს პოლიტიკოსად იქცა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზების განთავსების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა მისი პარტია „ცენტრისტები“ არჩევნებიდან მაშინვე მოხსნეს. დასანანია, ვლადიმერი ხომ მზადაა, შეუჩერებლად იმეოროს რუსული გულისთვის ესოდენ სასიამოვნო მოსაზრებები, რომ – "დეპუტატ გავრილოვზე თავდასხმა ვაშინგტონის დაკვეთა იყო", რომ "რამდენიმე დღით ადრე საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები შესაბამისი ინსტრუქტაჟისთვის იყვნენ ჩამოსულები" და რომ "პუტინი სრულიად სამართლიანია საქართველოსთვის დაწესებულ ახალ სანქციებში"...
–ანუ, რუს ტურისტებს მართლაც რაიმე ემუქრებათ? – ვეკითხები ბედუკაძეს.
ღრმად ფიქრდება. ეტყობა, რომ მასში ველიკოროსი ქართველს ებრძვის. იმარჯვებს ორივე.
–არა, რა თქმა უნდა, აქ რუსს არავინ შეეხება, მაგრამ...
(აქ პარადოქსულ გადასვლას აკეთებს)
–პუტინის ადგილზე რომ ვიყო, ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008 წელს!
– ასე ერთბაშად? და რატომ?
–იმიტომ, რომ პუტინი საკუთარ ხალხს იცავს და ისინი ასე უნდა დაიცვას!
ბედუკაძე თვლის, რომ ქართველების 80% მთელი გულით რუსეთისკენაა და ერთადერთი, რაც ამას ხელს უშლის ტერიტორიული საკითხია.
–მაგრამ ქართველები ხომ ხმას სააკაშვილის „ნაციონალებს“ აძლევენ, პროამერიკელ პრეზიდენტებს, პროევროპელ „მეოცნებეებს“...
–ამას ყველაფერს დასავლეთის მიერ კონტროლირებადი ცსკ „გვიხატავს“, ხალხი ერთს აძლევს ხმას, ისინი კი სხვას მიაწერენ...
–მაგრამ მაშინ სააკაშვილმა არჩევნები როგორ წააგო?
–მასთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოვიდა და უბრძანა, არჩევნების შედეგები სამართლიანად ჩაეთვალა".