
მდინარაძე პოლიციელებს მადლობას უხდის
06/11/2020 12:06:51 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას და სამართალდამცველებს მადლობას უხდის.
"მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც მართლწესრიგს იცავს და რადიკალური ძალების დესტრუქციულ ქმედებებს მოთმინებით, მაქსიმალური პროფესიონალიზმით, კანონით დადგენილი ნორმების დაცვით აღკვეთს. ძალიან რთულია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე ესაუბრებიან - პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობისა და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან სპეციალურად ეს მომიტინგეები. ამ დროს პოლიციელს უწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და მართლწესრიგის დაცვა ასეთ რთულ პირობებში, რისთვისაც, ბუნებრივია, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. პოლიციელები ჩვენ გვიცავენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს და ამ ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას. იქ მუშაობენ გმირი ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ, ამ რაღაც ბინძურ დესტრუქციას უძლებენ მოთმინებით და მეორეს მხრივ, მეორე წუთში ტყვიას უშვერენ შუბლს. ეს ბიჭები არიან გმირები! - ეს არაერთხელ უნდა აღვნიშნოთ და თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს. რთულია ქართველი კაცისთვის იმის მოთმენა, რაც იქ ხდება და რასაც სპეციალურად აკეთებენ იქ კანონდარღვევის, მორალის, შეურაცხყოფის, სისხლის სამართლის დანაშაულის ზღვარზე, კარგად არიან ამაში გაწვრთნილები და ცდილობენ, პროვოკაციაზე წამოაგონ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ პოლიცია დაკომპლექტებულია ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გმირებით და მეორეს მხრივ, პროფესიონალებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.