
"ხელისუფლებამ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა ხელოვნურად გაზარდა, რათა ხალხი აქციებზე არ გამოვიდეს"
06/11/2020 08:48:28 საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის მიზანი დაანონსებული აქციებისთვის ხელის შეშლაა.
„ჩვენ არჩევნებამდეც გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ აპირებდა, პანდემია ხალხის გარეთ გამოსვლის შეჩერებისთვის გამოეყენებინა. არჩევნებამდე ისინი რიცხვებით მანიპულირებდნენ, თითქოს დააგდეს დაავადებულთა რაოდენობა და ახლა - არჩევნების შემდეგ გაზარდეს. როგორც ჩანს, ამით აპირებენ, გაამართლონ შეზღუდვები, რომელთა მთავარი ამოცანა არის არა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლი, არამედ ის, რომ ხალხი არ გამოვიდეს გარეთ", – განაცხადა კაპანაძემ.
მან მოქალაქეებს 8 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ოპოზიცია მიტინგზე მისულ პირებს პირბადეებს, სადეზინფექციო საშუალებებს დაურიგებს და "ყველა ზომის დაცვას შეეცდება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამწვავდეს".
ოპოზიცია 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.
იხილეთ ასევე: პრემიერი – მინისტრებს: "აქციები კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, ახალ შეზღუდვებზე უნდა ვიფიქროთ"
ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.