
ცსკ: "3 გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა, 9 შემთხვევაში მონაცემები გასწორდა"
05/11/2020 11:09:39 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) განცხადებით, ამ დროისთვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები თხუთმეტ საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაითვალა, შედეგად ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, 9 შემთხვევაში შედეგები გასწორდა, 8-ში კი უცვლელი დარჩა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ცსკ–ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა.
ამასთან, მისივე განცხადებით, "საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ და რიგ შემთხვევებში არაუფლებამოსილი პირები სხდომებზე შეჭრას ცდილობენ".
საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების/განცხადებების განხილვის პროცესი 3 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.
ცნობისთვის: გუშინ ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.
კომისიის წევრები შესაბამის უბნებზე დაწერილ საჩივრებს განიხილავდნენ. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმსა და თბილისში. ინციდენტის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.
სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.