
კობახიძე – აქციებზე: "ისინი ახორციელებენ დესტრუქციას"
04/11/2020 17:30:03 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე "საარჩევნო ადმინისტრაციის უპრეცედენტო გამჭვირვალობასა და ღიაობაზე" საუბრობს და საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე აქციებს "დესტრუქციულ ქმედებად" აფასებს.
"საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესზე დასწრების საშუალება აქვს ყველა შესაბამის სუბიექტს. მათ შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამკვირვებლები და ა. შ. პროცესი არის გამჭვირვალე და ამ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე ხდება მონაცემების დაზუსტება. თუ სადმე, რომელიმე უბნის დონეზე არის ხარვეზი, ეს უნდა დაზუსტდეს. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე აქციებს, ეს მოწმობს იმას, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების მიზანი საერთოდ არაა რაიმეს დაზუსტება. მათ ეშინიათ დაზუსტების, გამომდინარე იქიდან, რომ ხმების გადათვლა დაადასტურებს ზუსტად იმ შედეგებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, დაფიქსირდა ცსკ–ის მიერ. ვგულისხმობ წინასწარ მონაცემებს. ანუ, გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, იყო ფარსი. ანუ, რეალურად, მათ არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი იმ მონაცემების გაპროტესტებისთვის, რომელიც გამოქვეყნდა ცსკ–ის მიერ. სწორედ აქედან გამომდინარე ისინი ახორციელებენ დესტრუქციას", – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: ოპოზიციური ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.
კომისიის წევრებმა სწორედ დღეს უნდა განიხილონ შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები. ოპოზიციური ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვენ.
"ხმებია "აორთქლებული" და კარგი იქნება, მედიაც დაესწროს",– განაცხადა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
ინციდენტი მოხდა გლდანში, სადაც უცნობი მამაკაცი ენმ–ის აქტვისტს დაესხა თავს. პირი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.
ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია საბურთალოზე: პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი საოლქო კომისიის შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეხლა–შემოხლისას მოქალაქეები დაშავდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
„ხმებს არ გავაყალბებინებთ!,– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
იგივე მიზეზით დაძაბულობაა სამგორშიც. ისანში კი აქტივისტებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან კარტოფილი მიიტანეს და მიწაზე დემონსტრაციულად დაყარეს. ადგილზე "ტრიბუნას" წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც მივიდა, თუმცა არც მას მისცეს შენობაში შესვლის უფლება. სხდომიდან გამოაძევეს რამდენიმე დამკვირვებელი.
"ეს კანონდარღვევაა – დეპუტატს არ უშვებენ სხდომაზე. ამისთვის პასუხს აგებენ!",– განაცხადა ჭიჭინაძემ.
თითოეულ ლოკაციაზე პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.