«ოპოზიციას მარგინალიზაცია არ ემუქრება: პოლიტიკური დღის წესრიგი არა ერთპარტიულ პარლამენტში, არამედ გარეთ შეიქმნება!»

04-11-2020 14:56:46 პოლიტიკა ,კომენტარი

«ოპოზიციის მარგინალიზაციის არანაირი რისკი არ არის: პოლიტიკური დღის წესრიგი არა ერთპარტიულ პარლამენტში შეიქმნება, სადაც მქუხარე ტაში იქნება, არამედ გარეთ», – ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პოლიტიკის რიგ კომენტატორთა შეშფოთებას ოპოზიციის მიერ მე–10 მოწვევის პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„ეს [არგუმენტი] არარელევანტურია. მით უფრო არ შეიძლება მიმდინარე პროცესის 2008–2009 წლებთან შედარება [როდესაც ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა – რედ.]“,– განუცხადა „აქცენტს“ კაპანაძემ.

ამასთან, იგი ვერც რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიერ 3 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების დარღვევის რისკს ხედავს:

„პარლამენტში შესვლაზე ყველა პარტიამ უარი თქვა და არ არის რისკი, რომელიმე მათგანი შევიდეს. ხოლო თუ ცალკე აღებული რომელიმე ადამიანი მაინც შევა, ის „ქართულ ოცნებას“ შეუერთდება და ამით, საბოლოო ჯამში, არაფერი შეიცვლება“.

რაც შეეხება ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების განწყობებს, კერძოდ, მათ მიერ საერთაშორისო დაკვირვებლების საკმაოდ მოზომილი წინასწარი შეფასებების გაზიარებას (რაზეც ხსენებული კომენტატორები ასევე ამახვილებენ ყურადღებას), როგორც კაპანაძე ამბობს, მიმდინარეობს შეხვედრები, ოპოზიციის წარმომადგენლები მათ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან იმ მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელმაც არჩევნების შედეგებზე მოახდინა გავლენა და საერთაშორისო პარტნიორები ამჟამად პროცესებს აკვირდებიან.

„დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებებიო“ [საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება – რედ.] – დიახ, ხმის უფლება შეზღუდული არ იყო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. „კონკურენტული იყოო“, - ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია ძლიერია: როდესაც ოპოზიციური პარტიები არჩევნებში არ მონაწილეობენ, არ არსებობენ, მაშინაა კონკურენტუნარიანობის პრობლემა! ეს არჩევნები კონკურენტული იყო – ოპოზიცია მონაწილეობდა, არჩევნები მოიგო და ეს ხელისუფლების დამსახურება არაა! არჩევნების შეფასების მთავარი კრიტერიუმია „თავისუფალი და სამართლიანი“, ეს კი არც ერთ დამკვირვებელს არ უთქვამს და არც იტყვიან, რადგან არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი!“.

მისივე თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმაა „საპროტესტო აქციები და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, თუმცა სულ სხვა წესით - რომ «კარუსელები» გამოირიცხოს, ასეთი ცსკ არ იყოს და შედეგად ნორმალური არჩევნები ჩატარდეს“.

ინფორმაციისთვის: 4 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახული 9 კვალიფიციური სუბიექტიდან 8-მ მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი არჩევნების ცსკ–ის მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს არ სცნობენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათ შორისაა „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელსაც ფაქტობრივად, იგივე მოთხოვნები აქვს და სხვების მსგავსად, არც პარლამენტში აპირებს შესვლას, თუმცა აცხადებს, რომ ქუჩიდან ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თავის მოთხოვნებში კატეგორიულია და არჩევნების მეორე ტურებში ჩართულობას გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს უზიარებს საკუთარ რწმენას, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიებიც შევლენ. ეს განცხადება მან ჯერ 3 ნოემბერს, „რუსთავი 2“ –ის ეთერში გააკეთა, 4 ნოემბერს კი დანარჩენ მედიასთან გაიმეორა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას, ვისთან ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაცია და ვისგან ელის პარლამენტში შესვლას, კობახიძემ ასე უპასუხა: „პირადად კომუნიკაცია არავისთან მქონია, თუმცა მაქვს კონკრეტული საფუძველი იმის სათქმელად, რომ საქართველოს პარლამენტში სურათი სათანადო იქნება“.

ამ განწყობის საფუძვლები კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ემზადება.

ცნობისთვის: 4 ოქტომბრის მდგომარეობით, ოპოზიციას არჩევნების შედეგებისადმი დეკლარირებული დამოკიდებულება არ შეუცვლია, რაც ბოიკოტს, მათ შორის მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარის თქმას გულისხმობს.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ორიოდ დღის წინ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განმარტა, საერთო ოპოზიციური შეთანხმების ჩამოყალიბებამდე იყო მოსაზრება, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს მეორე ტურებში მიეღოთ მონაწილეობა, დაემარცხებინათ კონკურენტები სახელისუფლებო პარტიიდან და შემდეგ გამოეცხადებინათ ბოიკოტი, გაეგრძელებინათ ბრძოლა სასამართლოებში, ემუშავათ საერთაშორისო პარტნიორებთან და საზოგადოებასთან, გაემართათ აქციები, თუმცა საბოლოოდ ის გზა იქნა არჩეული, რომელიც საჯაროდ გამოცხადდა: ბოიკოტი და პარალელურად სამართლებრივი ბრძოლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები