
ცსკ-ის თავმჯდომარისა და დიპლომატების შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
03/11/2020 10:50:58 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეხვედრა დიპლომატიური და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
როგორც ცსკ–ის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
ზოგიერთი დემონსტრანტები შენობასთან აღმართულ ბარიკადებს ქვებს ურტყამენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში