საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში ინფლაციამ 3.8% შეადგინა
03/11/2020 07:41:28 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ოქტომბერში ინფლაციამ 3.8% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ტრანსპორტისა და დასვენების ჯგუფების გარდა, ყველა სექტორში ფასების მატება შეინიშნებოდა. ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე შესამჩნევი გავლენა სურსათის ქვეჯგუფში 5.5%-ით მომატებულმა ფასებმა იქონია.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%), თევზეული (10.3%), პური და პურპროდუქტები (7.8%), რძე, ყველი და კვერცხი (6.0%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 %). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 %–ით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8%) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 %);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0%–ით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0 %) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2 %). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1%).


