ავსტრიაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 15 მძიმედ დაშავდა
03/11/2020 05:51:09 მსოფლიო
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შსს ავრცელებს.
"გარდაცვლილია სამი სამოქალაქო პირი და ერთი თავდამსხმელი. დაჭრილია 15 მოქალაქე, მათ შორის – ერთი სამართალდამცველი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ლიკვიდირებული თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. იგი "ისლამურ სახელმწიფოს" მიმართ სიმპათიებით განწყობილი პირი იყო", – ნათქვამია შსს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ გაავრცელონ ვიდეოები შემთხვევის ადგილიდან.
ქალაქის მასშტაბით ძალოვანი უწყებების სპეცძალებია მობილიზებული. რამდენიმე წერტილში სპეცოპერაციები გრძელდება.
ცნობისთვის: გუშინ თავდამსხმელებმა ვენაში ერთდროულად ოთხ სამიზნეს შეუტიეს: ორ რესტორანს, სინაგოგასა და ებრაულ კულტურის ცენტრს. მომხდარი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმეს და ავსტრიას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადეს.
იხილეთ ასევე: ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს


